17-07-2021, 22:22
160

"სააკაშვილი ურეკავს არხის ხელმძღვანელებს და ემუქრება, რომ მაგალითად, არ მისცემს ფულს" - მამუკა მდინარაძე

"სააკაშვილი ურეკავს არხის ხელმძღვანელებს და ემუქრება, რომ მაგალითად, არ მისცემს ფულს" - მამუკა მდინარაძე

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დღეს იდება სტანდარტი, რომ ჟურნალისტს შეუძლია პოლიტიკური აქტორიც იყოს და ჟურნალისტიც, რადგან მიხეილ სააკაშვილს ასე უნდა.

როგორც მდინარაძემ "იმედთან" საუბარისას განმარტა, მედიასაშუალება არ შეიძლება იყოს პოლიტიკური აქტორი და ამავდროულად იყოს ჟურნალისტური საქმიანობის განმახორციელებელი.

"მედიასაშუალება, რომელიც პოლიტიკურ პერფორმანსებს აწყობს, კი არ აშუქებს, აწყობს, პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს, პოლიტიკურ აქტივობებს ეწევა, არ შეიძლება იყოს პოლიტიკური აქტორი და ამავდროულად იყოს ჟურნალისტური საქმიანობის განმახორციელებელი.

ზღვარის დაცვა ჩვენი ვალდებულებაა, ეს უფლება კი არ არის, ჩვენი ვალდებულებაა, რომ ისე მოვიქცეთ, როგორც ბოლო დღეებში ვიქცეოდით. ასეთი სტანდარტი დაიდო, რომ ჟურნალისტს შეუძლია პატიოსან პოლიტიკოსს დააბრალოს კორუმპირებულობა და თუკი ის უპასუხებს, რომ მატყუარაა, ეს ზეწოლად ითვლება. დღეს იცით რა სტანდარტი იდება?! ჟურნალისტს შეუძლია პოლიტიკური აქტორიც იყოს და ჟურნალისტიც იყოს იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს ასე უნდა.

მიხეილ სააკაშვილი ურეკავს არხის ხელმძღვანელებს და ემუქრება, რომ მაგალითად, არ მისცემს ფულს. ხვალ რომ გიგა ბოკერიამ გადაწყვიტოს და მათ ე.წ. ტელევიზიაში გაფორმდეს ჟურნალისტად და მოვიდეს ჩემთან როგორც ჟურნალისტი, ამ დროს გარეთ დგას და ითხოვს ღარიბაშვილის გადადგომას ამორალური მოტივებით და ა.შ. ვალდებული ვარ მე მას ინტერვიუ მივცე? და რა განსხვავებაა გიგა ბოკერიასა და იმ ჟურნალისტს შორის, რომელიც თან პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს და თან მიკროფონით ხელში კითხვას მისვამს?!" - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ მმართველმა გუნდმა ოთხ კრიტიკულ მედიასაშაუალებას ბოიკოტი გამოუცხადა. "ოცნების" გუნდის წევრები "ტვ პირველს" "ფორმულას," "მთავარ არხს," და "კავკასიას" ინტერვიუებზე უარს უცხადებენ და აღარც მნიშვნელოვანი ღონისძიებების გასაშუქებლად იწვევენ. მთავრობის წარმომადგენლების ეს გადაწყვეტილება აღნიშნული ტელეკომპანიების მედიამენეჯერების იმ მოთხოვნას უკავშირდება, რომელიც 5-6 ივლისის მოვლენების გამო პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილისა და შს მისნიტრის, ვახტანგ გომელაურის გადადგომის ეხებოდა.

5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს დაესხნენ თავს. აღნიშნული შემთხვევის შედეგად კი 55-მდე ჟურნალისტი დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა იყო. ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა. ლექსო ლაშქარავა კლინიკიდან გამოწერის შემდეგ, 11 ივლისს საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ის 13 ივლისს ჯიქიას სასაფლაოზე მამის გვერდით დაკრძალეს. 

დღეს, კი საქართველოს პარლამენტის წინ მედიის ორგანიზებით მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციაზე სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები და პოლიტიკოსები იმყოფებოდნენ. მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტებზე ძალადობაში მონაწილე ყველა პირის დასჯას და მთავრობის გადადგომას ამ დრომდე ითხოვენ. 






მსგავსი სიახლეები