10-06-2021, 21:24
58

"უთქვამს, ლომჯარია გაიმარჯვებსო, აგრესიული იყო" - ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელზე

"უთქვამს, ლომჯარია გაიმარჯვებსო, აგრესიული იყო" - ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელზე

მოულოდნელად აზრი შეიცვალა, უთქვამს, რომ ლომჯარია გაიმარჯვებსო და დაუწყია აგრესიულად მოქცევა. დაურეკავს 112-ში და უთხოვია, დამკითხონო. პოლიციიდან დაბრუნდა ისევ ეპარქიაში ძალიან აგრესიულად განწყობილი და შეიკეტა ოთახში


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ნინოწმინდის პანსიონის ყოფილ აღსაზრდელის საქმეს სოციალურ ქსელში ეხმაურება,

როგორც ჯაღმაიძე წერს, ყოფილი აღსაზრდელი მეუფე სპირიდონს განსაკუთრებით უყვარს და საქციელს უწუნებდა იმ ბავშვებს, ვინც პანსიონში ძალადობაზე საუბრობდნენ. 

"მოულოდნელად აზრი შეიცვალა, უთქვამს, რომ ლომჯარია გაიმარჯვებსო და დაუწყია აგრესიულად მოქცევა. დაურეკავს 112-ში და უთხოვია, დამკითხონო. პოლიციიდან დაბრუნდა ისევ ეპარქიაში ძალიან აგრესიულად განწყობილი და შეიკეტა ოთახში. ამიტომ მეუფემ სიფრთხილისთვის რეზიდენციის გვერდზე 2 ოთახიან ბინაში გადასვლა და იქ დარჩენა შესთავაზა. ამის შემდეგ ჩაულაგებია ბარგი, დაურეკავს ისევ პოლიციაში და წასულა და თან ამბობდა ენჯეოები ყველაფრით უზრუნველმყოფენო". – წერს დეკანოზი. 

შეგახსენებთ, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ყოფილი ბენეფიციარი აცხადებს, რომ პანსიონში ცხოვრებასთან დაკავშირებით პოლიციისთვის ჩვენების მიცემის შემდეგ, საპატრიარქოს უნივერსიტეტის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

"მე გამომიცხადეს, რომ ლუკა, შენ ბარგს აიღებ, ჩაალაგებ, დღეს ღამეს სხვაგან გაათევ და ხვალ წადი”, — აცხადებს პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი.

როგორც ის აღნიშნავს, აღმზრდელები ბავშვებს ხის ჯოხსაც ურტყამდნენ.

"უშუალოდ შემსწრე ვიყავი, როგორ არტყმევინა კარადაზე თავი ბავშვს. შემდეგ ეს მიიჩქმალა, რადგან არც ზედამხედველს გაუგია მაშინ”, — განაცხადა მან.

დღეს, 9 ივნისს, სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ ჩვენების მიცემის გამო ნინოწმინდის ყოფილ აღსაზრდელს, რომელიც ამჟამად საპატრიარქოს დაქვემდებარების ქვეშ არსებულ უნივერსიტეტში ირიცხება და ამავე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში ცხოვრობს, დაწესებულების ტერიტორიაზე აღარ უშვებენ.