4-04-2021, 09:09
75

დღეს უფროსი ილიკო სუხიშვილის დაბადების დღეა

დღეს უფროსი ილიკო სუხიშვილის დაბადების დღეა

ილიკო სუხიშვილი ორმოცდაათ წელზე მეტ ხანს ემსახურა ქართულ ცეკვას. დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.  ქართული ხალხური ქორეოგრაფიის განვითარების საქმეში უდიდესი ღვაწლისა და ეროვნული კულტურის დაუღალავი პროპაგანდისათვის ის რამდენიმე საპატიო წოდებისა და ჯილდოს მფლობელია. 

4 აპრილს უფროსი ილიკო სუხიშვილის დაბადების დღეა. სუხიშვილების ცნობილი ანსამბლის დამფუძნებელი სკოლაში სწავლის პარალელურად  ოპერისა და ბალეტის თეატრთან არსებულ სტუდიაში დადიოდა. 1926 წელს კი მან ქართული ხალხური ცეკვის სტუდია დაამთავრა. ილიკო სუხიშვილმა ცეკვა ოპერისა და ბალეტის თეატრში  დაიწყო, მოგვიანებით კი იქ დამდგმელ ქორეოგრაფად გააგრძელა მუშაობა. საქართველოს გარდა ის წარმატებით გამოდიოდა დიდ თეატრში და პარალელურად სხვადასხვა თეატრალურ სასწავლებელში სწავლობდა. 1935 წელს ილიკო სუხიშვილი რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა . ამავე წელს მან მონაწილეობა ლონდონის ხალხური ცეკვების ფოსტივალში მიიღო, სადაც  ლაურეატის წოდება გადასცეს. 1945 წელს მან ნინო რამიშვილთან ერთად საფუძველი ჩაუყარა საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლს, რომელიც დღეს ქართული ნაციონალური ბალეტის სახელითაა ცნობილი. 
ანსამბლის მიერ ქართულ ცეკვაში განხორციელებული რეფორმა ახლოა ეგრეთ წოდებულ „მოდერნ-ბალეტის“ პრინციპებთან, თუმცა მისი არსითა და პოეტიკით იგი ქართული ეროვნული ქორეოგრაფიაა , ანსამბლის დადგმული ცეკვები კი  ქართულ ფოლკლორს ეფუძნება. სუხიშვილებმა პირველი კონცერტი  1945 წლის 11 ივნისს გამართეს. ძალიან მალე მათი სახელი მთელს მსოფლიოში გახდა ცნობილი.  1967 წელს ანსამბლმა კონცერტი ლა-სკალაში გამართა და პირველი და დღემდე ერთადერთი ფოლკლორული დასი გახდა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე გამოვიდა. დღეს უფროსი ილიკო სუხიშვილის საქმეს მისი შვილიშვილები ილიკო სუხიშვილი უმცროსი და ნინო სუხიშვილი წარმატებით აგრძელებენ. 