12-07-2021, 23:36
201

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

"ქართული ოცნების" ოფისთან პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 12 პირი დააკავა. - ამის შეახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მობილიზებული არიან თბილისში, პარტია "ქართული ოცნების" ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით და მაქსიმალურად იცავენ აქციის მონაწილეთა უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს.

აქციის მონაწილეები გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამ ეტაპზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა 12 პირი.

კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ აქციის ორგანიზატორებს, უზრუნველყონ, რომ აქციამ არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ ნორმებს. წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა შენობას კვერცხები დაუშინეს. აღნიშნულ ფაქტს წინ სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. "ქართული ოცნების" ოფისთან შეკრებილ აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის წინ შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბრიფინგის ჩატარების შემდეგ, მსვლელობით "ქართული ოცნების" ცენტრალური ოფისთან გადაინაცვლა. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები "ტვ პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას აპროტესტებენ. მედიის წარმომადგენლებისა და აქტივისტების მთავარი მოთხოვნაა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა. 

5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტებს დაესხნენ თავს. აღნიშნული შემთხვევის შედეგად კი 55-მდე ჟურნალისტი დაშავდა.  დაშავებულებს შორის ერთ-ერთი "ტვ პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა იყო. 




მსგავსი სიახლეები