10-07-2021, 20:04
122

"მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 4 პირს ბრალი წარედგინა" - პროკურატურა

"მედიასაშუალებების წარმომადგენლებზე ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 4 პირს ბრალი წარედგინა" - პროკურატურა

"პროკურატურამ 5 ივლისს, "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ოთხ პირს ბრალი წარუდგინა," - ამის შესახებ საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ბრალდებულები ტელეკომპანია „ფორმულას“, ტელეკომპანია „იმედის“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ.
"საქართველოს პროკურატურამ 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის დროს, მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნის, დისკრიმინაციის შემცველი სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტზე ოთხ პირს - რ.კ.-ს, გ.კ.-ს, თ.ბ.-ს და გ.ნ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. ბრალდებულები ტელეკომპანია „ფორმულას“, ტელეკომპანია „იმედის“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

სამართალდამცველებმა რ.კ., გ.კ., თ.ბ. და გ.ნ. 2021 წლის 9 და 10 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 20 პირს წარედგინა.
ამ ეტაპზე, საქმეზე დაზარალებულად ცნობილია 36 პირი, მათ შორის, 30 ჟურნალისტი და ოპერატორი.

"თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართულ აქციაზე ძალადობრივ ქმედებებში და კანონდარღვევის ფაქტებში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების და ასევე, ორგანიზატორების დადგენის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში აქტიური საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება”, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.




მსგავსი სიახლეები