4-05-2021, 15:14
54

რა შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს პროკურატურამ ამერიკელ მოსამართლეზე?

რა შთაბეჭდილება დატოვა საქართველოს პროკურატურამ ამერიკელ მოსამართლეზე?

ამერიკელი მოსამართლე საქართველოს გენერალური პროკურატურის მუშაობით კმაყოფილია.

"მომეცა სასიამოვნო შესაძლებლობა, მენახა გენერალური პროკურატურის რამდენიმე სამმართველოს უფროსის პრეზენტაციები და მესაუბრა მათთან და თავად გენერალურ პროკურორთან. საკმარისად ვერ აღვწერ, თუ რამდენად დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე იმან, თუ როგორ ეფექტიანად მუშაობენ პროკურატურაში.

როგორც ჩანს, ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პროკურატურის კეთილსინდისიერებას და დამოუკიდებლობას. ჩვენ ძალიან ჯანსაღი საუბარი გვქონდა და მათგან ბევრი ინფორმაცია მივიღე. იმედი მაქვს, შევძელი, მათთვის მიმეცა რჩევები, რომლებიც დაეხმარება მათ მომავალ საქმიანობაში" - განაცხადა ამერიკელმა მოსამართლემ მარკ სპეისერმა პროკურატურაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა, მარკ სპეისერს საქართველოს პროკურატურის რეფორმებისა და პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გენერალური პროკურორის არჩევის წესი, პროკურატურის კოლეგიური ორგანოების მანდატი და ფუნქციონირება, პროკურატურის თანამშრომლების დანიშვნა-დაწინაურების, ეთიკის და დისციპლინის საკითხები, პროკურატურის 2021-2025 წლების სტრატეგიის პროექტის პრიორიტეტული მიმართულებები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

მოსამართლე მარკ სპეისერმა შეხვედრის მონაწილეებს განხილულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა.