4-05-2021, 14:11
139

„ნიკა მელიას გირაოს გადახდას ბრალდებულის თანხმობა არ სჭირდება“ - გიორგი კონდახიშვილი 

„ნიკა მელიას გირაოს გადახდას ბრალდებულის თანხმობა არ სჭირდება“ - გიორგი კონდახიშვილი 

"მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებისთვის გირაოს გადახდას ბრალდებულის თანხმობა არ სჭირდება". - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

მისივე თქმით, ნიკა მელიას თანხმობა გირაოსთან დაკავშირებით, დღის წესრიგში არ დგას. „ხელისუფლებას მელიას პატიმრობაში ყოფნა პრობლემას უქმნის, თუმცა, თავისუფლებაში ყოფნა უფრო პრობლემური იქნება“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ დღეს შეხვდა მის დაცვის ქვეშ მყოფს და სხვადასხვა საკითხები გაიარეს.

 „რაც შეეხება გირაოს, ნიკა მელიას თანხმობა საერთოდ, არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, დღის წესრიგში არ დგას. ხელისუფლების დაქვემდებარებაშია პროკურატურა, სასამართლო და ნებისმიერ დროს შეუძლია ხელისუფლებას მიმართოს სასამართლოს და მელია თავისუფლდება სხდომათა დარბაზიდან. არც სამართლებრივად და არც სხვა მხრივ, ნიკა მელიას თანხმობა არაფერ შუაშია, ისვე, როგორც ამნისტიის შესახებ კანონთან დაკავშირებით, მელიას თანხმობა ვერანაირ ზეგავლენას ვერ ახდენს, ზუსტად ანალოგიურადაა, გირაოსთან დაკავშირებით თანხმობაც.

ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, იმისთვის რომ ნიკა მელიას პატიმრობა გაახანგრძლივონ და ისრები მასზე გადმოიტანონ. ცდილობენ, საზოგადოება დაარწმუნონ რომ გასაღები ნიკა მელიას ხელშია, თუმცა 13 აპრილს, როცა პროცესი ჩატარდა და პროკურატურამ პატიმრობა მოითხოვა კარგად გამოჩნდა თუ ვის აწყობს მისი პატიმრობა",- განაცხადა ადვოკატმა.

ნიკა მელია თებერვლის ბოლოს დააკავეს, გირაოს გადაუხდელობისთვის. "ნაცმოძრაობის" ლიდერი დღემდე უარს ამბობს გირაოს გადახდაზე, რომ რუსთავის ციხე დატოვოს.