22-06-2021, 13:33
99

საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური პატიმრები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ

საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური პატიმრები სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ

საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური პატიმრები ნანა კაკაბაძე, გელა ნიკოლაიშვილი და ტარიელ ღვინიაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"სამომავლო გზა საქართველოსთვის" - ასე ჰქვია 2021 წლის 19 აპრილს, შარლ მიშელის მომზადებულ და საქართველოს პოლიტიკური პარტიების ხელმოწერილ დოკუმენტს. იგი მოიცავს საარჩევნო და მართლმსაჯულების საკანონმდებლო ცვლილებებს, პარლამენტში ძალაუფლების განაწილებას და სხვა საკითხებს. 


ცუდია, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი გარედან ჩარევის გარეშე ვერ პოულობს საერთო ენას და მუდმივად აპელირებს ევროკავშირის, ან აშშ-ს რომელიღაც დეპუტატის პოზიციაზე. უცხო ქვეყნის სამინისტროს ხელმძღვანელის მეოთხე მოადგილის მეშვიდე თანაშემწის შექება-კრიტიკაზე. კიდევ უფრო ცუდია, როდესაც „საქართველოსთვის სამომავლო გზად“ დასახულ ტექსტში გვხვდება ისეთი გაუგებარი ტერმინები თუ შეფასებები, რომლებიც ქვეყანას 21-ე საუკუნის 30-იანი წლების ევროპის ნაცვლად, მე-20 საუკუნის 20-30-იან წლების ბოლშევიკურ-ფაშისტურ რეჟიმში გვაბრუნებს.

ერთი ასეთი ტერმინია „პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმული“ საქმეები. საზოგადოებისაგან ამ ტერმინის მიყრუება ნიშნავს, რომ იგი თანახმაა, პოლიტიკურ ინსინუაციებს დაუქვემდებაროს სამართალი. სწორედ ასე ხდებოდა მე-20 საუკუნის 20-30-იან წლებში, ბოლშევიკებისა და ფაშისტების "აღქმით"იარლიყების მიკვრა პოლიტიკურ ოპონენტებზე, შემდეგ კი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რომელიმე კულაკი, ბურჟუა, ექსპლუატატორი, „ხალხის მტერი“, ებრაელი თუ „არიული რასის“ პოტენციური „აღქმის“ თემის დამკვიდრება პოლიტიკაში თუ სამართალში ნიშნავს იმას რომ დღეს მოქმედ პოლიტიკურ მედიებს ეძლევათ საშუალება, ადამიანთა განწყობებზე მიზანმიმართული ზემოქმედების, მოვლენებისა თუ ქმედებების გამრუდებულად „აღქმის“.

იმედია გვახსოვს, როგორ „აღიქვამდა“ საზოგადოების გარკვეული ნაწილი 2008 წლის ომში დამარცხებას გამარჯვებად, ან როგორ უწოდებდნენ საქართველოში დამყარებულ ტოტალიტალურ სისხლიან რეჟიმს „დემოკრატიის შუქურას“, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ეს ასეთად "აღიქვა"აშშ-ს პრეზიდენტმა. 

შესაძლებელია ასეთივე წარმატებით, ხვალ „პოლიტიკურად აღქმულ“ მართლმსაჯულებად მოინათლოს ნებისმიერი პოლიტიკოსის მიერ ჩადენილი კრიმინალი, გაყალბებულად „აღქმულად“ ჩაითვალოს ნებისმიერი არჩევნები და ქვეყანა აღმოჩნდეს მუდმივად ვადამდელი არჩევნების რეჟიმში. 
სახიფათოა ტერმინის "აღქმულად"დამკვიდრება, მითუმეტეს საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით. დადასტურდა, რომ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე არავითარი „მასობრივი გაყალბებები“ არ ყოფილა. ვინმემ მოიხადა ასეთი „აღქმის“ პროპაგანდისთვის ბოდიში? ან ვინმემ მოსთხოვა მათ საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა? დაგვავიწყდა, როგორი „აღქმა“ იყო დათესილი პოლიტიკური მედიის მიერ „რუსთავი-2“-ის დავაზე? 
სტრასბურგის სასამართლომ მკაფიო პასუხი გასცა თავსმოხვეულ ყალბ"აღქმას", მაგრამ პასუხი არავის უგია არც სასამართლოს დისკრედიტაციაზე და არც საზოგადოების გარკვეული ნაწილის მოტყუებაზე. ერთი სიტყვით, როდესაც ნებისმიერი სამართლებრივი საკითხის თუ პოლიტიკური ქმედების შეფასება მხოლოდ „აღქმით“ განისაზღვრება და ეს „აღქმა“ ზოგჯერ საქართველოს კონსტიტუციის დარღვევასაც კი ჩვეულებრივ ამბად აქცევს, მაშინ ყველაფერი დასაშვებია და ბოროტების სიკეთედ (ან პირიქით) "აღქმა" ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა. 

მაგალითად, 2003 წელს საქართველოში პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეების ხელმძღვანელობით მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება ტოტალური პროპაგანდის შედეგად მშვიდობიან „ვარდების რევოლუციად“ აღაქმევინეს მსოფლიოს, რასაც საქართველოში უამრავი სისხლი და მსხვერპლი მოჰყვა, 100-ზე მეტი დაკარგული სოფელი მესამე პრეზიდენტის მიერ ქვა-ღორღად მოინათლა, ამის შემდეგ მრავალი ათეული სტრატეგიული ობიექტი რუსეთს მიყიდეს და შეეცადნენ ხალხს ეს გადაწყვეტილება დიდ სტრატეგიულ ნაბიჯად აღექვა, ისევე როგორც ევროსაბჭოს იმ რეზოლუციაზე ხელმოწერა, რომლითაც საქართველო ფაქტობრივად ომის დაწყებაში დაადანაშაულეს. შორს რომ არ წავიდეთ, ორიოდე წლის წინ პოლიტიზირებულმა მედიამ ოპოზიციასთან ერთად, პარლამენტის შტურმის განმახორციელებლები კანონის დამცავებად, ხოლო პარლამენტის შეჭრისგან დამცველი პოლიციელები კანონის უხეშად დამრღვევებად წარმოაჩინეს. ასეთ პირობებში შარლ მიშელის დოკუმენტში „პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებად აღქმული“ ტერმინის ლეგიტიმაციაზე ხელმომწერი პარტიების გარკვეულ ნაწილს ალბათ კარგად ესმოდა, თუ რა ნელი მოქმედების ნაღმი ჩაიდო ამით დოკუმენტში, ხოლო მეორე ნაწილმა ეს საფრთხე უბრალოდ, ვერ გაითვალისწინა. 

თუ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სამომავლოდაც გააგრძელებენ საქართველოში ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისების გადაჭრას აღქმებზე, მოჩვენებებზე, მოლანდებებზე და არა საერთაშორისო ნორმებსა და ადგილობრივი კანონმდებლობის უზენაესობაზე დამყარებულ მტკიცებულებებზე, დაყრდნობით, მაშინ შედეგად მივიღებთ წინსვლად აღქმულ უკუსვლას“. - ვკითხულობთ განცხადებაში.

ნანა კაკაბაძე; გელა ნიკოლაიშვილი; ტარიელ ღვინიაშვილი (საბჭოთა პერიოდის პოლიტიკური პატიმრები)
 
Top of Form




მსგავსი სიახლეები