"დროა პუტინთან მოვილაპარაკოთ" - რას წერს ამერიკული გამოცემა საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე

"დროა პუტინთან მოვილაპარაკოთ" - რას წერს ამერიკული გამოცემა საქართველოს NATO-ში გაწევრიანებაზე

"ერთი კვირის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჟენევაში თავის რუს კოლეგას - ვლადიმერ პუტინს უნდა შეხვდეს. დადგა დრო იმისა, რომ რუსეთთან დამოკიდებულებაში ახალი მიდგომა შევარჩიოთ" - American Spectator


ცნობილ ამერიკულ გამოცემა American Spectator-ში გამოქვეყნდა აშშ-ის ექს-პრეზიდენტ რონალდ რეიგანის ყოფილი სპეციალური თანაშემწის დუგ ბენდოუს ვრცელი ანალიტიკური სტატია სათაურით "დროა ვლადიმერ პუტინთან მოვილაპარაკოთ", რომელშიც ავტორი, ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის სამომავლო ჟენევური სამიტის შუქზე, აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობის პრობლემებს ეხება და მათი გადაწყვეტის გზებს ეძებს. ავტორი განიხილავს აგრეთვე ამერიკის პოზიციას ნატოს წევრად საქართველოსა და უკრაინის მიღების საკითხში და ხაზს უსვამს: "ყველაზე მთავარია აშშ-მა განაცხადოს, რომ ნატოს წევრების სავარაუდო სიას არც საქართველო და არც უკრაინა არასოდეს დაემატება".


"ერთი კვირის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჟენევაში თავის რუს კოლეგას - ვლადიმერ პუტინს უნდა შეხვდეს. დადგა დრო იმისა, რომ რუსეთთან დამოკიდებულებაში ახალი მიდგომა შევარჩიოთ. - ვკითხულობთ გამოცემაში.

"ცხადია, ვლადიმერ პუტინი დემოკრატი არ არის. ბევრმა ჩვენგანმა, რომლებიც აღფრთოვანებულნი ვიყავით კომუნიზმის კრახით, ობიექტურად ვერ შევაფასეთ იმპერიული ქვეყნის გადასვლა ლიბერალურ დემოკრატიაზე (რუსეთი ხომ ასეული წლების განმავლობაში მეფის თვითმპყრობელობისა და საბჭოური ტოტალიტარიზმის პირობებში ცხოვრობდა). ბორის ელცინი, მართალია, კეთილი სურვილები ამოძრავებდა, მაგრამ იგი არაკომპეტენტური ადამიანი იყო და თან სასმელები უყვარდა.

ამერიკა რომ არ ჩარეულიყო (თანაც უცერემონიოდ) რუსეთის 1996 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ბორის ელცინი ვერ გაიმარჯვებდა - ქვეყანაში გამეფებული ქაოსის ფონზე კომუნისტური პარტიის კანდიდატი მასზე უფრო მეტი ავტორიტეტით სარგებლობდა. ბორის ელცინი პრეზიდენტი გახდა, მაგრამ 1999 წლის ბოლოს მან „ტვირთს ვეღარ გაუძლო“, იგი გადადგა, რის შედეგადაც ბევრმა შვებით ამოისუთქა.
ბორის ელცინის მემკვიდრე ვლადიმერ პუტინი, რომელიც პრემიერ-მინისტრობიდან პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა, სამწუხაროდ, წინამორბედზე უარესი აღმოჩნდა - უფრო მეტად ავტორიტარი და იმავდროულად, კომპეტენტურიც. - წერია გამოცემაში.

სამწუხაროდ, ვაშინგტონმა და ბრიუსელმა შანსი ხელიდან გაუშვეს და უაზროდ დახარჯეს ვლადიმერ პუტინის მიერ გამოჩენილი თავდაპირველი კეთილი დამოკიდებულება. დიახ, რუსული დათვი 1990-იან წლებში წაქცეული იყო და დასავლეთის მთავრობები მას, ძირსდაგდებულ „პარტნიორს“, შეუსვენებლივ ურტყამდნენ. მათ ეგონათ, რომ დათვი ფეხზე ვერარ წამოდგებოდა... დასავლეთი ატყუებდა მიხეილ გორბაჩოვს, ატყუებდა ბორის ელცინსაც ნატოს არგაფართოების თაობაზე, მათ დაარღვიეს სერბეთი, რუსეთის ტრადიციული მეგობარი, ხელი შეუწყეს „ფერადი რევოლუციების“ მოხდენას საქართველოსა და უკრაინაში, მხარს უჭერდნენ ამ ქვეყნებს და მათ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მიღებას პირდებოდნენ, მოსახლეობა წააქეზეს უკრაინის პრორუსი პრეზიდენტის დამხობისაკენ ქუჩის პუტჩის გზით... რა თქმა უნდა, დასავლეთი თავის მოქმედებას ყოველთვის ამართლებდა და აცხადებდა, რომ არავის და არც რუსეთს არ უნდა ჰქონდეს გავლენის სფეროების არსებობის უფლება, ხოლო როცა ვაშინგტონი სხვა სახელმწიფოს საქმეებში ერევა, ამას პროგრესული კაცობრიობის სახელით აკეთებსო.

დასავლეთი საკუთარ თვალთმაქცობას "ვერ ამჩნევდა". საქართველოში მომხდარი ომის შემდეგ, გულმავიწყმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ „21-ე საუკუნეში ქვეყნები ერთმანეთს თავს აღარ ესხმიანო“. აშკარაა, რომ მას დაავიწყდა ის, რომ ხუთი წლით ადრე იგი კატეგორიულად ითხოვდა აშშ-ის შეჭრას ერაყში (საერთოდ, იგი ომის მტკიცე მომხრე იყო და გამოდიოდა ამერიკის რამდენიმე ქვეყანაზე თავდასხმის მოწოდებებით). 
შეიძლება იმის წარმოდგენა, თუ როგორ რეაქციას მოახდენდა ვაშინგტონი (და ჯონ მაკკეინიც), ის რომ რუსეთის ადგილზე ყოფილიყო: გააფართოვებდა ვარშავის ხელშეკრულებას და ორაგანიზაციის წევრებად ცენტრალური ამერიკის სახელმწიფოებსაც მიიღებდა, დააფინანსებდა კანადისა და მექსიკის მთავრობების მოწინააღმდეგეებს ამ ქვეყნების ხელისუფლების დასამხობად, გაანადგურებდა კოლუმბიას - აშშ-ის მეგობარ სახელმწიფოს. აშშ-ში ისეთი ყვირილი ატყდებოდა, რომ მთელ ატლანტიკას გადასწვდებოდა, გაზეთების გვერდებზე მონროს დოქტრინის ციტატები არშინიანი ასოებით გამოქვეყნდებოდა, ტელეეთერი რევანშისტული მოწოდებებით გაივსებოდა, ჯონ მაკკეინი კი ხალხს კაპიტოლიუმის ბორცვიდან თეთრი სახლისაკენ წაიყვანდა, ტოტალური ომის დაუყონებლივი დაწყების მოთხოვნით. - აღნიშნულია გამოცემაში.

ამერიკამ და მისმა ნატოელმა მოკავშირეებმა ალიანსის გაფართოების პროცესი უნდა შეწყვიტონ. ნატოში ჩრდილოეთ მაკედონიისა და ჩერნოგორიის მიღება (მეორე მაინც სულ დეკორაციაა, რა...) იმას მოწმობს, რომ ალიანსის გაფართოება სარგებელის მიღებისა და მიზანშეწონილობის საზღვრებს სცილდება. რა იქნება შემდეგ? ნატოს წევრად დიდი ფენვიკის საჰერცოგოს (მწერალ ლეონარდ ვიბერლის მიერ გამოგონილი ქვეყნის) მიღება? ყველაზე მთავარია, რომ აშშ-მა უნდა განაცხადოს, რომ ნატოს წევრების სავარაუდო სიას არასოდეს არ დაემატება არც საქართველო და არც უკრაინა. საერთოდ, ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინათ უნდა მიღებულიყო. ამ ორი ქვეყნის ნატოს წევრობა ამერიკის ინტერესებში არ არის, რადგან ჯერ ერთი - ისინი თვით ალიანსში კონფლიქტებსა და დაპირისპირებების მიზეზი იქნებიან და მეორე - შეუძლიათ რუსეთის მხრიდან ესკალაციის პროვოცირება მოახდინონ.

იმედია, დადგება დრო და რუსი ხალხიც დემოკრატიულ სისტემაში იცხოვრებს. ენტონი ბლინკენის მიერ სერგეი ლავროვთან ნათქვამის თანახმად, რუსი და ამერიკელი ხალხების ინტერესები ბევრ ადგილას იკვეთება და ერთმანეთს ემთხვევა. ჩვენ ვთვლით, რომ შეგვიძლია ერთად ვიმუშაოთ და აღნიშნულ ინტერესებს დავეყრდნოთ“. აი, ეს პრინციპი ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ღირსეული დღის წესრიგი იქნება. ვაშინგტონმა ერთხელ უკვე გადაიტანა ცივი ომი მოსკოვთან, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა: ჰორიზონტზე სულ უფრო განვითარებული და მზარდი ძალის მქონე ჩინეთის გამოჩენას თუ გავითვალისწინებთ, ამერიკამ თავი უნდა აარიდოს რუსეთთან მეორე ცივ ომს.