14-01-2022, 20:08
146

დავით ზალკანიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

დავით ზალკანიანსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა


საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, კარენ დონფრიდს ტელეფონით ესაუბრა. - ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს პრასამსახური ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საუბრისას მხარეებმა მოსაზრებები და ინფორმაცია გაცვალეს რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსთან დაკავშირებით და აშშ-სა და რუსეთს შორის ორმხრივი დიალოგის, ასევე, ნატო-რუსეთის საბჭოსა და ეუთოს ფარგლებში კვირის განმავლობაში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.

საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს მიმდინარე პროცესების ფონზე საქართველოსთან აქტიური კომუნიკაციისა და კოორდინაციისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცეს და ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის მნიშვნელობას. დავით ზალკალიანმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მიერ გაჟღერებული გზავნილებისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ნატოს ღია კარის პოლიტიკის მხარდასაჭერად რუსეთის აგრესიული რიტორიკისა და ქმედებების ფონზე.

ასევე, საუბრისას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი საგარეო პოლიტიკის საკითხებზე და აირჩიოს უსაფრთხოების ალიანსები. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ მხარდაჭერა გამოუხატა საქართველოს და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორები განაგრძობენ საქართველოსთან მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს საკითხის განხილვის დროს და რომ საქართველოს შესახებ მოლაპარაკება არ მოხდება საქართველოს გარეშე.  აღინიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მცდელობები ევროპაში გავლენის ექსკლუზიური სფეროების ლეგიტიმაციისა და  საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის  შეფერხების მიზნით  მიუღებელია. ასევე, ხაზი გაესვა რუსეთის მიერ  2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი  ვალდებულებების შესრულების აუცილებლობას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მომავალშიც განაგრძობენ კონსულტაციებს. აშშ-ის მიერ ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებთან კონსულტაციების ფარგლებში, 5 იანვარს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე, ესაუბრა აშშ სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ვენდი შერმანს.





მსგავსი სიახლეები