3-12-2021, 14:39
289

"ესმის ბატონ სამხარაძეს, რომ ამაშია პრობლემა? რომც ესმოდეს, ხმამაღლა თქმის უფლება არა აქვს“- გია ნოდია

"ესმის ბატონ სამხარაძეს, რომ ამაშია პრობლემა? რომც ესმოდეს, ხმამაღლა თქმის უფლება არა აქვს“- გია ნოდია


„ბატონი ნიკოლოზ სამხარაძე, როგორც ჩანს, ვერ ერკვევა, რა შემთხვევაში ქმნის ერთპარტიული მმართველობა ტირანიის რისკს. პრინციპის დონეზე ვერ გამოვრიცხავ, რომ ერკვეოდეს, მაგრამ მაინც ვალდებულია ელჩ დეგნანს არ დაეთანხმოს, ამიტომ გარეგნულ, ტექნიკურ მხარეზე გადააქვს ყურადღება,“ - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია ნოდია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში ტირანიის რისკი არ არის და ერთპარტიული მმართველობა ტირანიის რისკს არ ნიშნავს.

გია ნოდია ამბობს, რომ ამ საკითხში გაურკვევლობა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთათვის არაა დამახასიათებელი, ამიტომაც საჭიროდ მიაჩნია, კონკრეტული განმარტება გააკეთოს.

„ამ საკითხში გაურკვევლობა მხოლოდ "ქართული ოცნების" "გამპრავებლებს" არ ახასიათებთ: ზოგ ჩვენს დემოკრატიულ აქტივისტსაც ჰგონია, რომ მხოლოდ კოალიციური მთავრობა შეიძლება იყოს მართლა დემოკრატიული. ასე რომ განმარტება მაინც საჭიროა.

ის, რომ, დღევანდელი მოცემულობით, ამერიკის კონგრესის ორივე პალატაში ერთ პარტიას აქვს უმრავლესობა და პრეზიდენტიც ამ პარტიისაა, გარეგნულად შეიძლება მართლაც ჰგავდეს "ერთპარტიულ მმართველობას". მაგრამ ეს არ არის ის ერთპარტიული მმართველობა, რამაც შეიძლება "ტირანიის საფრთხე" გააჩინოს. განსხვავება განწყობებში და მართვის პრაქტიკებში და ტრადიციებშია.
დემოკრატებს და რესპუბლიკელებს შორის დაპირისპირების გაღრმავებაც ("პოლარიზაციას" რომ უწოდებენ) პრობლემაა ამერიკისთვის, მაგრამ იქ მმართველი პარტია არ ამბობს, რომ ოპოზიცია "რადარებიდან უნდა გაქრეს", ან რომ თვითმმართველობას პრობლემები შეექმნება იქ, სადაც ღმერთმა დაიფაროს და ოპოზიცია გაიმარჯვებს. იქ მმართველი პარტია არანაირად არ აკონტროლებს სასამართლოს. იქ არვის უკვირს, შტატების დიდ ნაწილს "ოპოზიციური" რესპუბლიკური პარტია აკონტროლებს; ასევე ჩვეულებრივი ამბავია, და არა ეროვნული კატასტროფა, "კოჰაბიტაცია" დემოკრატ პრეზიდენტსა და რესპუბლიკელთა უმრავლესობის მქონე კონგრესს შორის (ან პირიქით).

ესმის თუ არა ბატონ სამხარაძეს, რომ სინამდვილეში ამაშია პრობლემა? როგორც ვთქვი, რომც ესმოდეს, ამის ხმამაღლა თქმის უფლება არა აქვს,“- წერს გია ნოდია.

ცნობისათვის, „საქართველოში ტირანიის რისკი არ არის იმიტომ რომ ერთპარტიული მმართველობა არ ნიშნავს ტირანიის რისკს. ერთპარტიული მმართველობა არის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სხვა ქვეყნებშიც და იქ ტირანია არაა,“ - ასე უპასუხა „ქართულო ოცნების“ დეპუტატმა ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ყველაფრის ერთი პარტიის მიერ მართვა უმრავლესობის ტირანიის საფრთხეს აჩენს.




მსგავსი სიახლეები