25-11-2021, 16:17
93

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ლიდერები იკითხებიან

ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ლიდერები იკითხებიან


შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გარდაცვლილ ნუგზარ ფუტკარაძის მიმართ განხორციელებულ შესაძლო ზეწოლასა და შანტაჟზე გამოძიება დაიწყო. 

უწყების ცნობით, ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული არიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის ლიდერები გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი.
„ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე წლის 18 ნოემბერს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხულ იქნენ გარდაცვლილი ოჯახის წევრები, რომლების ფლობდნენ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივი გარემოებების შესახებ. საქმეზე ტარდება სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა საჭირო საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები.

სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების მიერ მედიაში აუდიო ჩანაწერების გავრცელების ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე დაბარებული არიან: გიორგი კირთაძე, მირდატ ქამადაძე და ელგუჯა ბაგრატიონი," - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციის წევრებმა აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვეს, სადაც, მათი მტკიცებით, ბათუმის ახალი მოწვევის საკრებულოს წევრს ნუგზარ ფუტკარაძეს გადაბირებას ცდილობენ. როგორც ენმ-ის აჭარის ორგანიზაციაში აცხადებენ, ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ნუგზარ ფუტკარაძეს, რომელიც რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის დავალებით, მოსყიდვის სანაცვლოდ 100 ათას დოლარს სთავაზობდნენ.




მსგავსი სიახლეები