7-10-2021, 11:54
7 239

ვის სასარგებლოდ იმუშავა მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ და რა პოლიტიკური შედეგი დადგა ქვეყანაში

ვის სასარგებლოდ იმუშავა მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ და რა პოლიტიკური შედეგი დადგა ქვეყანაში


პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში ღია წერილი გაავრცელა, სადაც ის ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასა და მის სავარაუდო გეგმებზე საუბრობს. ღარიბაშვილი საკუთარ ვერსიას გამოთქვამს, თუ რა მიზანი ამოძრავებდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც მან საქართველოშ ფარულად შემოსვლა გადაწყვიტა. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ის ვერსია, რომ მიხეილ სააკაშვილი შეგნებულად ჩაჯდა ციხეში და ეს წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი, აბსურდულია და მიაჩნია, რომ ის ქვეყანაში ხელისუფლების გადატრიალების იმედით ჩამოვიდა. გარდა ამისა, პრემიერი წერილში "ნაციონალური მოძრაობის" 9–წლიან მმართველობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ გუნდს, როგორც კრიმინალური მიდრეკილებების მქონეს, არაფრის სწორად დაგეგმვა და მართვა არ შეუძლია.

ღარიბაშვილის წერილს პოლიტიკურ სპექტრში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" დაუჯერებელ ვერსიებს სთავაზობს იმისთვის, რომ მათი და სააკაშვილის შეთანხმება შენიღბოს. ხოლო, ხოლო, თუ მმართველ  გუნდში ნამდვილად სჯერათ, რომ მიხეილ სააკაშვილი გადატრიალების მოწყობის მიზნით ჩამოვიდა,"ნაცების" "ლიდერშიფიც" ციხეში უნდა იჯდეს. 

ოპოზიციის მეორე ნაწილი მიხეილ სააკაშვილისა და "ოცნების" თანამშრომლობის ვერსიას ემიჯნება და ყოფილი პრეზიდენტის გასათავისუფლებლად მოქალაქეებს ბრძოლაში ჩართვისკენ მოუწოდებს. სწორედ ამიტომ, სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების მოთხოვნით რუსთავის მე–12 დაწესებულებასთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი სასჯელს იხდის, აქციაც გაიმართა. 

რა ცვლილებები მოახდინა მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელმა მხარემ ისარგებლა უფრო მეტად მისი ქვეყანაში ჩამოსვლით, რა მიზნები ამოძრავებდა მას, როდესაც ფარულად გადმოკვეთა საზღვარი – ამ კითხვებზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

პარტია "გირჩის" ერთ–ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია "ჯორჯიან თაიმსთან" კიდევ ერთხელ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებით შემოვიდა და ამით მხარეებმა პოლიტიკურ მიზანს მიაღწიეს. 

"სააკაშვილის საქართველოში არჩევნების წინ შეიძლებოდა ორი მიზეზით შემოსულიყო – მას უნდოდა რევოლუცია ან შეთანხმებული იყო, რათა კონკრეტული პოლიტიკური მიზნისთვის მიეღწია. პოლიტიკური შედეგი მიღწეულია – "ოცნება" არის 43%–ს ზემოთ, ხოლო "ნაცმოძრაობა" არის გაუმჯობესებული რეიტინგით მიუხედავად იმისა, რომ გიჟური წელი გაატარეს. ის, რომ რევოლუციის მცდელობას, რომ ვინმე აპირებდა, არარეალურია, რადგან როდესაც იჭერ ტრაილერის მძღოლს და მის შვილს, აქ რევოლუცია არაფერ შუაშია. თუ ამ ვერსიას სერიოზულად აწვები, მთელი "ნაცების" "ლიდერშიფი" ციხეში უნდა იჯდეს, როგორც თანამონაწილე. თუმცა არც ერთმა თანაგუნდელმა იცოდა სააკაშვილის შემოსვლის შესახებ და არც ამ პროცესში მონაწილეობდა, გამოდის, რომ სააკაშვილი ქვეყანაში რევოლუციისთვის არ შემოსულა. ჩემი აზრით შემოვიდა იმისთვის, რომ არჩევნებში ორივე მხარეს მიეღო შედეგი და ეს შედეგი დადგა,"– აცხადებს ხვიჩია.

ხვიჩიას თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი არა გამარჯვება, არამედ მთავარი ოპოზიციურ პარტიად დარჩენა იყო, რასაც სააკაშვილის დაკავებით მიაღწია.

ხოლო, ჩვენს კითხვაზე – სააკაშვილის არჩამოსვლის შემთხვევაშიც ენმ იყო მთავარი ოპოზიციური პარტია და რეალობა დიდად არ შეცვლილა, მაშინ რა სარგებელი მიიღო ექსპრეზიდენტმა დაკავებით, ხვიჩია პასუხობს, რომ "ამ პოლიტიკური სვლის გარეშე რეალობა შედარებით განსხვავებული იქნებოდა." 

"ნაცმოძრაობა თვლის, რომ ამ ქვეყანაზე მარტო ჩვენ და "ოცნება" ვართ და მეტი არავინ არისო. "ნაციონალური მოძრაობის" მიზანია ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა იყოს. 

თუმცა, სანაძლეო წავაგე, მეგონა სააკაშვილი არ ჩამოვიდოდა და ოცნებას ასე არ ენდობოდა. არ ვიყავი ბოლომდე დარწმუნებული საკუთარ თავში, რომ ასეთი ახლო ურთიერთობები თუ იყო მათ შორის. თუმცა, სააკაშვილი შეცდა და მას უფრო მეტი ხანი მოუწევს ციხეში ჯდომა, მაგრამ საბოლოო ჯამში გამოუშვებენ, რადგან ეს იყო გაკეთებული შეთანხმებით,"– აცხადებს იაგო ხვიჩია. 

ხოლო, რა გზით გამოვა სააკაშვილი ციხიდან, იაგო ამბობს, რომ "სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და მას გადაუგზავნიან საჩუქრად უკრაინელ ხალხს.'

განსხვავებული მოსაზრება აქვს რეჟისორ გოგა ხაინდრავას, რომელიც "ჯორჯიან თაიმსთან" საკუთარ მოსაზრებას აფიქსირებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლის მიზანი გადატრიალების მოწყობა იყო. 

"საქართველოში პოლიტიკური აბსურდის თეატრია. სააკაშვილი რომ ვინმეს შეთანხმებოდა, რომ ციხეში ჩამჯდარიყო, აბსურდია. სააკაშვილი ვის მოურიგდებოდა, რომ ის ციხეში ჩამჯდარიყო?! სხვა რომ ციხეში წასულიყო, კიდევ მესმის და თვითონ რომ წასულიყო, პოლიტიკური სიბეცე უნდა გჭირდეს, ამას ამბობდე. მისი ერთადერთი მიზანი იყო ხელისუფლებაში დაბრუნება ყველა გზით. ერთადერთი, რასაც სააკაშვილი იყენებდა, იყო მხოლოდ ქიშპი, შფოთვა და გადატრიალება, სხვა რამე გვინახავს მაგის მხრიდან?! ამიტომ ეს აბსურდი ტრაგიკომედიის ხასიათს იღებს. ამ განცხადებების გამკეთებლები არიან მდარე პოლიტიკოსები,"– აცხადებს ხაინდრავა. 

ხაინდრავას მოსაზრებით, მიხეილ სააკაშვილი თანაგუნდელებმა და მის გარშემო შეკრებილმა ადამიანებმა ის "მახეში გააბეს" და ქვეყანაში ჩამოიტყუეს.

"სააკაშვილი ჩამოვიდა იმისთვის, რომ მუხტი აეწია. ის ხედავდა, რომ ვითარებას აკლდა სიცხარე, ამაზე გარკვეულწილად იმოქმედა იმ გარემოცვამ, რომელშიც ის იყო. მიშა დაარწმუნეს, რომ ჩამოსულიყო და ის მახეში გაება იმ ტყუილების, რომელიც მის გარემოცვას ახასიათებს. თანაც ფსიქიური მდგომარეობა ისეთი ჰქონდა, დალაგებული არასდროს იყო, უახლოესი გარემოცვიდან გამოსული ინფორმაცია და გაკეთებული პირდაპირი განცხადებები მეტყველებდა იმაზე, რომ თავის მატორზე არ იყო. ამიტომ ბუნებრივია, რომ ის მახეში გაება არა მარტო თანაგუნდელების, არამედ იმ ადამიანებისაც, ვინც მაგის თანაგუნდელობას თამაშობდნენ. ისინი რეალურად ვისი თანაგუნდელები იყვნენ, მაგას შევიტყობთ, მე კი ვფიქრობ რომ ჩამოიტყუეს, როგორც ფარჩაკი და ფარჩაკიც არის და ასეც უნდა ყოფილიყო. ხოლო, იმ ცოდნით, რომლითაც სააკაშვილს და მის გარემოცვას ვცნობ, ვფიქრობ, რომ სააკაშვილი აქ ჩამოიტყუეს,"– აღნიშნავს რეჟისორი.

ხაინდრავა პრემიერის განცხადებას, რომ სააკაშვილის ჩამოსვლა ენმ–ის დაეხმარა და არჩევნებში 7–8 პროცენტით მეტი ააღებინა, ეთანხმება და აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლამ მისი მომხრეების მობილიზება მოახდინა. 

"რა თქმა უნდა, მოქალაქეებში აღტკინება გამოიწვია ბელადის ჩამოსვლამ. ეს ხომ არაა პოლიტიკური ორგანიზაცია, ეს არის დანაშაულებრივი სექტა. ბუნებრივია, მაგაი ბელადის გამოჩენამ და მითებმა, რომლებსაც თავად ქმნიდნენ, აღტკინება გამოიწვია,"– განაცხადა ხაინდრავამ "ჯორჯიან თაიმსთან." 
ხაინდრავა რუსთავის ციხესთან გამართულ აქციებსაც ეხმიანება და "ნაციონალური მოძრაობის" აქტივობას არასერიოზულს უწოდებს.

თათია შაიშმელაშვილი

geotimes.com.ge




მსგავსი სიახლეები