15-09-2021, 11:37
86

როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა - შემ-ზა-რა - ბონდო მძინარაშვილი

როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა - შემ-ზა-რა - ბონდო მძინარაშვილი

„გიორგი გახარიას უნდობლობამ სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართ, როგორც ედუარდ შევარდნაძე იტყოდა, - შემ-ზა-რა!“ - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი.
მძინარაშვილი ამბობს, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და ყოფილი პრემიერ-მინისტრისაგან მსგავსი შინაარსის განცხადება მოულოდნელი იყო.

„შემზარა რადგან ეს ეჭვი გამოთქვა არა უბრალოდ პოლიტიკოსმა, არამედ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა!
შემზარა იმიტომაც, რომ, გულახდილად ვამბობ, გახარიასგან არ მოველოდი სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაციის მცდელობას!“ - წერს ჟურნალისტი.

მისი თქმით, ასეთი თანმდებობების მქონე პირისგან სახელმწიფო ინსტიტუტის სანდოობაში ეჭვის შეტანა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეპუტაციას მნიშვნელოვნად აზიანებს. არადა ამ ინსტიტუტზე უამრავი ადამიანის ბედია დამოკიდებული.

„მე არ ვიცი, რამდენად ღრმა საფუძველი ჰქონდა გახარიას ეჭვს, რომ მისი ექსპერტიზის შედეგების გაყალბებას აპირებდნენ, ანდა რამდენად მყარი იყო მისთვის მიწოდებული ინფორმაცია, მაგრამ თვით ის ფაქტი, რომ ყოფილი შს მინისტრი და პრემიერი ამგვარ განცხადებას აკეთებს, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს რეპუტაციას სერიოზულად აზიანებს, ამ სამსახურის დასკვნებზე კი დამოკიდებულია არა მხოლოდ ცალკეული სამეურნეო ხასიათის გადაწყვეტილებები, არამედ კონკრეტული ადამიანების ბედი, როცა მათ საქმეს სასამართლო განიხილავს!“ - წერს ბონდო მძინარაშვილი და მოუწოდებს სხვადასხვა ხელისუფლების დროს სხვადასხვა თანამდებობაზე მყოფ ადამიანებს, მეტი პასუხისმგებლობა გამოიჩინონ.

„ზოგადად, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში მაღალ სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობაზე ნამყოფ ადამიანებს სახელმწიფო ინსტიტუტებზე საუბრისას განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რადგან მათ მიერ პოლიტიკური მიზნებით ამ ინსტიტუტების დისკრედიტაცია საზოგადოებაში სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ უნდობლობას აჩენს ან აღრმავებს, ხოლო უმძიმესი ზიანის გამოსწორებას, ხელისუფლების ცვლილების პირობებშიც კი, წლები და ზოგჯერ ათწლეულებიც სჭირდება!
ამიტომაც მივმართავ ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს, მაღალი თანამდებობის პირებს:
ცოტა პასუხისმგებლობა არ გაწყენდათ, ბატონებო!
მეტი უკეთესია,“ - წერს ბონდო მძინარაშვილი.

ცნობისათვის, პარტია „საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განცხადა, რომ ის ნარკოტესტს ევროპაში, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს.
„არ გავიკეთებ ამ ტესტს კომერციულ ლაბორატორიებში, არამედ დავკარგავთ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დღეს საარჩევნო კამპანიისთვის და გავფრინდებით ევროპაში საერთაშორისო ლაბორატორიაში, სადაც ჩავაბარებთ თმის ანალიზს, რომელიც არის ყველაზე უტყუარი და დროში ინახავს მონაცემებს და ეს ანალიზის პასუხი გვექნება ორ კვირაში,“ - განაცხადა გახარიამ.




მსგავსი სიახლეები