24-07-2021, 21:01
1 186

"შეიძლება, მომავალში კიდევ გამოჩნდეს და ეს გააკეთოს ენმ-მ" - არჩილ თალაკვაძე პლაკატებზე

"შეიძლება, მომავალში კიდევ გამოჩნდეს და ეს გააკეთოს ენმ-მ" - არჩილ თალაკვაძე პლაკატებზე

პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე ტეკომპანია "იმედის" ეთერში თბილისში "ნაციონალური მოძრაობის," აქტივისტების და მედიის წარმომადგენლების საწინააღმდეგო შინაარსის პლაკატების გაკვრას ეხმიანება.

როგორც თალაკვაძე აცხადებს, ის არ გამორიცხავს, რომ მსგავსი პლაკატები მომავალში კიდევ გამოჩნდეს, და ეს, შესაძლოა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ გააკეთოს.


"ჩვენი საარჩევნო ვიზუალური მასალა და პლაკატები არის უკვე ქალაქში, სადაც ჩვენი კანდიდატი და თბილისის ყველა დროის ყველაზე წარმატებული მერი, კახა კალაძეა გამოსახული. ჩვენი პლაკატები არის ეს პლაკატები, სადაც ჩანს ქართული ოცნების სიმბოლიკა, სადაც ჩანს ჩვენი კანდიდატი და შესაბამისად, ჩვენი გზავნილები ამ პლაკატებზეა მოცემული. 

რაც შეეხება ასეთი ტიპის პლაკატებს, რომელიც არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში, შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს, შესაძლოა, ეს გააკეთოს ნაციონალურმა მოძრაობამაც და ვხედავთ, რომ მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფები წინა დღეებში აკრავდნენ პლაკატებს, რომლებიც ხელს უწყობდა ამ პოლარიზაციას და დაპირისპირებას," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, დღეს, თბილისის ქუჩებში კრიტიკული მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების წარმომადგენელეთა საწინააღმდეგო პლაკატები გამოჩნდა. პლაკატებზე გამოსახულნი არიან კრიტიკული არხების მედიამენეჯერები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები. კონკრეტული ადამიანები გამოსახულნი არიან ცისარტყელას ფონზე. უცნობია, ვისი ინიციატივით დაიბეჭდა და გავრცელდა პლაკატები.




მსგავსი სიახლეები