20-06-2021, 10:18
120

სომხეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

სომხეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 25 პარტია და ბლოკი იღებს მონაწილეობას. ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს 5-პროცენტიანი, ხოლო ბლოკებს 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.


ადგილობრივი სოციოლოგიური ცენტრის MPG ltd-ის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვებით, ბლოკ „ჰაიასტანს“ (სომხეთი), რომელსაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ხელმძღვანელობს, ამომრჩევლების 24,1 პროცენტი უჭერს მხარს, ხოლო პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ნიკოლ ფაშინიანის ბლოკს „სამოქალაქო შეთანხმებას“ – 23,8 პროცენტი. გამოკითხვებით მესამე ადგილზე ყოფილი პრზიდენტის, სერჟ სარქისიანის ბლოკი „მაქვს პატივია“ – 7,4 პროცენტით.

არჩევნები 2008 საარჩევნო უბანზე, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება.
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება აზერბაიჯანთან 2020 წლის სექტემბერ-ნოემბრის ომის შემდეგ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების შედეგად შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო გახდა საჭირო. 2021 წლის 25 აპრილს ქვეყნის პრემიერი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან გადადგა და მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელის პოსტი დაიკავა. 3 და 10 მაისს სომხეთის ეროვნულმა კრებამ ახალი პრემიერ-მინისტრის არჩევა ვერ შეძლო, რის შემდეგაც სომხეთის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.





მსგავსი სიახლეები