14-01-2022, 10:42
90

სომხეთმა, ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა ალმათიდან ჯარები გაიყვანა

სომხეთმა, ტაჯიკეთმა და ყირგიზეთმა ალმათიდან ჯარები გაიყვანა


ყაზახეთის ტერიტორიიდან სამშვიდობო კონტინგენტის ეტაპობრივი გაყვანა დაიწყო, რომელიც რამდენიმე დღეს გაგრძელდება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ОДКБ-ს სამშვიდობო ძალების რუსი მედესანტეების პირველი ნაწილები ხუთშაბათს ყაზახეთიდან რუსეთის ფედერაციაში ოთხი ილ-76MD თვითმფრინავით დაბრუნდნენ.

რუსული მედიის ინფორმაციით, ტაჯიკმა და სომეხმა ძალებმა ყაზახეთი რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებით დატოვეს, ხოლო ყირგიზი ჯარისკაცები სამშობლოში სახმელეთო საზღვრის გავლით დაბრუნდნენ.

ცნობისათვის, 2 იანვარს, ყაზახეთის ქალაქებში თხევად გაზზე გაზრდილი ფასების გამო დაწყებული საპროტესტო გამოსვლები მალევე მასობრივ არეულობაში გადაიზარდა. მასშტაბური დემონსტრაციების ფონზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მთავრობის გადადგომის გადაწყვეტილებას მოაწერა ხელი. ამის მიუხედავად, საპროტესტო აქციები ქვეყანაში კვლავ გაგრძელდა. პროტესტმა უკონტროლო ხასიათი მიიღო, შედეგად კი ქვეყანაში ათობით მოკლული, ასობით დაჭრილი და ათასობით დაკავებული ადამიანია. 

ОДКБ-ს კოლექტიური უშიშროების საბჭოს 2022 წლის 6 იანვარს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ОДКБ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალები სიტუაციის სტაბილიზაციისა და ნორმალიზებისთვის შეზღუდული დროით გაიგზავნა ყაზახეთში. ჯგუფში შედიოდნენ რუსეთის, ბელორუსის, სომხეთის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები. რუსული შენაერთების მთავარი ამოცანა იყო ალმა-ატას რეგიონის მთავარი სტრატეგიული ობიექტების დაცვა.




მსგავსი სიახლეები