12-01-2022, 13:48
91

ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა დაიწყო

ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა დაიწყო


მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ბრიუსელია. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა დაიწყო.

2019 წლის შემდეგ ეს ნატო-რუსეთის საბჭოს პირველი სხდომაა. საბჭოს შეხვედრას წინ უძღოდა 10 იანვარს ჟენევაში გამართული მოლაპარაკება აშშ-სა და რუსეთს შორის, რომელსაც კონკრეტული შედეგი არ მოჰყოლია.

მოლაპარაკებების მიზანია განიმუხტოს აღმოსავლეთ უკრაინის საზღვართან არსებული კრიზისი.

განხილული იქნება ასევე მოსკოვის მოთხოვნა ნატომ დაასრულოს გაფართოება აღმოსავლეთით და შეამციროს წარმომადგენლობა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

რუსეთის დიპლომატიურ უწყებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო წარმოადგენს. რუსული მხარე ნატო-ს მოკავშირეებს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოთხოვნებს წარუდგენს.

ნატო-ს დიპლომატები კი აცხადებენ, რომ ალიანსი მზად არის აწარმოოს მოლაპარაკება მოსკოვთან სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ღიაობის გაზრდის მიზნით, ასევე ევროპაში რაკეტებთან დაკავშირებული შეიარაღების კონტროლის საკითხებზე, მაგრამ ასევე ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ბევრი მოთხოვნა, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნებულ ხელშეკრულებების პროექტებში იყო ასახული, მიუღებელია, მათ შორის მოწოდებები, რომ ალიანსი უარს იტყვის გაფართოვებაზე.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს.





მსგავსი სიახლეები