11-09-2021, 09:59
82

20 წელი 11 სექტემბრის ტრაგედიიდან

20 წელი 11 სექტემბრის ტრაგედიიდან

2001 წლის 11 სექტემბერი ტერორისტების სამიზნე ტყუპი ცათამბჯენი მანჰეტენზე, პენტაგონის შენობა და პენსილვანია გახდა. 
07:59-ზე ბოსტონის საერთაშორისო აეროპორტიდან ბოინგი 767 აფრინდა, რეისის ნომრით 11, მიმართულება ლოს ანჯელესი იყო, მაგრამ ის თვითმფრინავი ლოს ანჯელესში აღარ ჩასულა, რადგან ბორტზე ალ ქაიდას ტერორისტები იმყოფებოდნენ.

მათი მიზანი იყო, მსოფლიოსთვის ისლამური რადიკალიზმის წიაღში შობილი ტერორიზმის ბუნება ნათლად წარმოეჩინათ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ალ ქაიდა ამ თავდასხმისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა, უფრო მეტიც, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ანალიტიკოსი ჯონ შინდლერი ამტკიცებდა, რომ ტერაქტისთვის მზადება ალ ყაიდამ 1996 წლიდან დაიწყო.

11 სექტემბრის ტერაქტის პირველი თავდასხმა ადგილობრივი დროით 08:46-ზე მოხდა, როცა ბოსტონის აეროპორტიდან გატაცებული თვითმფრინავი ტყუპი ცათამბჯენიდან ერთ-ერთს, ჩრდილოეთის კოშკს შეეჯახა.

პირველი შეჯახებიდან 18 წუთში ბოსტონიდან გატაცებული კიდევ ერთი თვითმფრინავი, ბოინგი 767-200 მეორე ტყუპ ცათამბჯენს – სამხრეთის კოშკს შეეჯახა. ტერაქტის აღსაკვეთად ჰაერში მყოფი ავიაგამანადგურებლების მიუხედავად, 09:37-ზე ტერორისტების სამიზნედ პენტაგონის დასავლეთ ფასადი იქცა, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყურადღება მთლიანად ნიუ იორკისკენ იყო მიპყრობილი.

დაახლოებით ნახევარ საათში კი მეოთხე თვითმფრინავი, რომლის ბორტზე 40 ადამიანი იმყოფებოდა, ტერორისტებმა პენსილვანიაში, სომერსეტში გამიზნულად ჩამოაგდეს.

მსოფლიოს ყველაზე მასშტაბური ტერორისტული აქტი 102 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც ამერიკის შეერთებულ შტატებში დღესაც ამბობენ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს მსოფლიო 102 წუთში ამოტრიალდა. ბოსტონის აეროპორტიდან ალ ყაიდას ტერორისტების მიერ პირველი ბოინგის გატაცებიდან საათ-ნახევარში მანჰეტენზე მდგომი ორივე ცათამბჯენი თავდასხმის შედეგად მთლიანად ჩამოიშალა.

დღეს მანჰეტენის სამხრეთით, გრინვიჩის ქუჩაზე, სადაც 20 წლის წინ მსოფლიოს ყველაზე დაცულ მეგაპოლისში ორი ცათამბჯენი ნანგრევებად იქცა, შავი მარმარილოს მემორიალი დგას. კედლებზე იმ 2977 ადამიანის სახელია ამოტვიფრული, ვინც 11 სექტემბრის ტერაქტს ემსხვერპლა. ამერიკელი არქიტექტორის, პიტერ უოკერის მიერ აგებული მემორიალი სიმბოლურად ნგრევას გამოხატავს, ამიტომაც წყალი ქვებიდან ქვედა მიმართულებით ჩაედინება.