10-09-2021, 12:18
103

ავღანური სინდრომი და საქართველო

ავღანური სინდრომი და საქართველო

ავღანეთში განცდილმა მარცხმა ამერიკის პოლიტიკის მანკიერებანი გამოავლინა (განსაკუთრებით მოკავშირეებთან დამოკიდებულებაში). დაუჯერებელია, მაგრამ თურმე ვაშინგტონის პოლიტიკური ელიტა:
 
  • აზრზე არ არის, თუ რას წარმოადგენს აღმოსავლეთი, განსაკუთრებით კი, ისლამური აღმოსავლეთი (სხვათა შორის, საქართველო გეოგრაფიულად დიდ ახლო აღმოსავლეთში მდებარეობს). ოცი წელია გრძელდება ამერიკის აქტიური პოლიტიკა ახლო აღმოსავლეთში (ერაყი, ავღანეთი, სირია, ლიბია), მაგრამ რეგიონულ თავისებურებებს ვერა გაუგო რა. სხვანაირად როგორ ავხსნათ ამერიკის საელჩოს მეცადინეობა ჩაეტარებინა LGBT აქცია (?!), სად? ავღანეთში (?!), როდის? როდესაც მზადდებოდა ქაბულზე შტურმი (?!) (იხ: Rod Dreher - www.theamericanconservative.com/dreher/ afghanistan-fall-of-imperial-america), ან კონგრესის სპიკერის ნენსი პელოზის მოწოდება დაეცვათ გენდერული წონასწორობა. სად? ავღანეთში (?!), ვის მოუწოდა? ტალიბანს (?!), როდის? ქაბულის დაცემისას (?!);
  • სულაც არ თაკილობს საკუთარი კლიენტ-მოკავშირეების „გადაგდებას“ (ამერიკა არის დახმარების გამცემი ანუ დონორი, ხოლო კლიენტი-მოკავშირეები ამ დახმარების მიმღები-რეციპიენტებია). ავღანეთი არ არის უბრალო მოკავშირე. იგი არის ამერიკის არანატოელი სტრატეგიული მოკავშირე (იაპონიის, სამხრეთ კორეის, ისრაელის მსგავსად), რაც  ჩვენი ქვეყნისთვის ჯერ-ჯერობით მიუღწეველია. და ჰა, ენდე ამის შემდეგ ამერიკას (იხ.: Ulrich Bounat - https://apostrophe.ua/article/world/2021-09-07/kievu-nujno-krayne-ostorojno-otnositsya-k-statusu-glavnogo-soyuznika-ssha---zapadnyiy-ekspert/41441). ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა რომ გაემართლებინა ბაიდენმა განაცხადა, რომ ტერორიზმი აღმოფხვრილიაო, ხოლო ავღანეთში დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ვალდებულება არ აგვიღიაო, რაც არ არის მართალი. ტერორიზმის აღმოფხვრისა რა მოგახსენოთ (ტერორიზმი მარტო „ალ კაიდას“ სახელთან არ არის დაკავშირებული), მაგრამ სახელმწიფოს მშენებლობის ვალდებულება, სახელად  „მტკიცე მხარდაჭერის მისია“, არ შესრულებულა. ქაბულის ტრაგედია უდიდესი დარტყმაა ამერიკის ავტორიტეტზე, რასაც ალბათ ბაიდენი შეეწირება. საიგონის დაცემისა (შეეწირა ნიქსონი) და ირანის შაჰის დამხობის შემდეგ, რასაც მოჰყვა საბჭოთა კავშირის ჯარების შეყვანა ავღანეთში (შეეწირა კარტერი), ეს უკვე მესამე სერიოზული მარცხია II მსოფლიო ომის შემდეგ;
 
  • გაგებაში არ არის, რომ მისი კლიენტები განსხვავებული კულტურის, ტრადიციის, ისტორიის, ეთნოფსიქოლოგიის ქვეყნებია და არ შეიძლება მათთან ურთიერთობის ერთ თარგზე მოწყობა, სპეციფიკის გაუთვალისწინებლად. შესაბამისად, ყველგან ვხედავთ ერთი და იგივე პოლიტიკურ ინჟინერიას - იქმნება დასაყრდენ კლიენტელთა ჯგუფი (როგორც წესი მოლიბერალო არამზადებისაგან), რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას თავს ახვევენ მისთვის საეჭვო  ღირებულებებს. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ ეს სრულიად საკმარისია state-building-ის მოსაწყობად. არადა ყოველი ერი უფრთხილდება და იცავს საკუთარ იდენტობას, ხოლო მის შემბღალავ ძალას (იდეოლოგიას) - გაშმაგებით ეწინააღმდეგება. თავსმოხვეულ ფასეულობისადმი  ერთგულებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. უცხო ფასეულობას არც ერთი ჯარისკაცი არ შესწირავს თავს. რაც მოხდა კიდეც ავღანეთში;
 
  • ძალიანაც კარგად ხეირობს კორუფციით. არავინ არის იმის მიამიტი დაიჯეროს, თუ როგორ ააწაპნეს ავღანელებმა ბედოვლათ ამერიკელებს ტრილიონზე მეტი დოლარი (?!). საქმე აშკარად გვაქვს პატრონ-კლიენტის ერთობლივ კორუფციასთან (იხ.: www.economist.com/international/ 2021/08/22/why-america-keeps-building-corrupt-client-states?). ეს იმდენად აშკარაა, რომ უმანკოების გათამაშებას აზრი არ აქვს. 
 
  • კლიენტ-ქვეყნისთვის დახმარების გაწევისას, კერძოდ  state-building-ის მოსაწყობად, რა უცნაურიც არ უნდა იყოს, სულაც არ ხელმძღვანელობს ხელისუფლებათა დანაწილებისა და მათი ურთიერთ გაკონტროლება-გაწონასწორების პრინციპით (ე.წ. Check and balance), რაც დასავლეთს გამოარჩევს დანარჩენი სამყაროსაგან - მთავარია  დემოკრატიული ფასადი და საკუთარი კლიენტელის ხელისუფლებაში გაყვანა (ეს მიდგომა საქართველომაც იწვნია). სამაგალითოა ავღანეთის სასამართლო რეფორმა - ისეთი უკონტროლო და ყველასგან „დამოუკიდებელი“ სამოქალაქო სასამართლო შექმნეს (კორუფციის მაქსიმალური გაფურჩქვნით), რომ მოსახლეობას შარიათის მართლმსაჯულება მოენატრა. ეს ყველაფერი ადასტურებს ერთ ჭეშმარიტებას: ამერიკის დახმარებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კლიენტი ქვეყნის ელიტის სიჯანსაღეს. თუ ელიტა კეთილსინდისიერი და პატრიოტია ქვეყანა დახმარებას იყენებს და წარმატებას აღწევს (ომისშემდგომი გერმანია და იაპონია), ხოლო თუ ელიტა უსინდისო და კორუმპირებულია დახმარებას პატრონ-კლიენტი ერთობლივად ინაწილებენ და ქვეყანა ისევე ლაფში რჩება ჩაფლული (ავღანეთი, საქართველო). იგივე აზრს ავითარებს Meirovitz (http://inosmi.ru/politic/20210907/250452993.html);
 
ამერიკის მარცხმა არ უნდა შეგვაცვლევინოს კურსი ევროპულ ფასეულობების დამკვიდრებისათვის. პირიქით, ჩვენი ქვეყნისათვის ვესტერნიზაციას ალტერნატივა არ გააჩნია. არ არსებობს ხელისუფლების მოწყობის განსაკუთრებული გზა (რუსული, ქართული, ტიბეტური და ა.შ). ხელისუფლება ან დემოკრატიულია, რაც შესაბამისი პოლიტიკური ინსტიტუტებით არის განმტკიცებული და დაცული (სწორედ ეს არის დასავლეთი), ან ხელისუფლება ავტოკრატულია (მისი მრავალი სახესხვაობით). სხვა სახის ხელისუფლება ბუნებაში არ არსებობს. ჩვენ მტკიცედ უნდა ვიდგეთ ევროპულ გზაზე, რასაც ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა გააჩნია. და აი რატომ:
 
  • ის რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა და ისტორიით, კულტურითა და ეთნოფსიქოლოგიით გამოვირჩევით ჩვენი მეზობლებისაგან ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ „ესე იგი ევროპელი ვარ“. მითუმეტეს, რომ გეოგრაფიულად ჩვენი ქვეყანა ევროპაში არ იმყოფება, რაზედაც გერმანიის ყოფილი კაცლერი შმიდტი მიუთითებდა. თუ ჩვენ გვინდა ჭეშმარიტი ევროპელობა, უნდა დავამკვიდროთ დემოკრატიული ინსტიტუტები და ქვეყანა ევროპულად მოვაწყოთ გეოგრაფიული კუთვნილების მიუხედავად (იაპონიის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის მსგავსად);
 
  • ავტოკრატული მმართველობა არის ის , რაც ყველაზე მეტად გვაახლოებს რუსეთთან. თუ გვინდა საფუძვლიანად მოვწყდეთ რუსეთს, ისევ და ისევ, უნდა დავამკვიდროთ დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტები, რაც სწორედაც დასავლურ კურსს ნიშნავს. ავტოკრატიული მმართველობისას კი რუსეთს სულ ექნება მის წიაღში ჩვენი დაბრუნების იმედი;
 
  • მთავარზე უმთავრესი კი ის არის, რომ ავტოკრატული ხელისუფლება ჩვენ ქვეყანაში ვერ დამყარდება. ასეთ მცდელობებს ბოლოს და ბოლოს უნდა შევეშვათ. ვინც საქართველოს ისტორია ასე თუ ისე მაინც იცის, მას უნდა ესმოდეს, რომ ავტორიტარიზმის დამყარება საქართველოში შეუძლებელია (ქვეყანა ვერ გაუძლებს სეპარატიზმისა და გადატრიალებების მუდმივ რყევებს). ავტორიტარიზმი ჩვენი ქვეყნისთვის უპერსპექტივობას ნიშნავს. 
 
ამრიგად ვიმეორებ, დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების გარეშე ჩვენი სახელმწიფო ვერ იარსებებს. ხელისუფლებათა დანაწილება, სასამართლო დამოუკიდებლობა, ორპალატიანი პარლამენტი, ქვეყნის რეგიონული მოწყობის ლეგიტიმაცია (არსებული რეგიონები არაკონსტიტუციურია), თვითმმართველობის (რეგიონული და მუნიციპალური) დამკვიდრება, დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაცია და მიუკერძოებელი პრესა ჩვენი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობებია. 
 
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ რომელ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეიძლება ლაპარაკი, როცა დღემდე ხელისუფლების სტრუქტურა (ცენტრალური და ადგილობრივი) კვლავ საბჭოურია, არაფერი შეცვლილა? პარტიის ლიდერი იმავდროულად ქვეყნის პირველი პირია (ზოგჯერ არაფორმალური), სასამართლო, პროკურატურა და სამართალდამცავი ორგანოები პირდაპირ პარტიის ლიდერზეა დამოკიდებული, ადგილობრივი ხელისუფლების ფინანსური დამოუკიდებლობა ისეთივე ხარისხისაა როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირში, არჩევნებში ვინც ხმებს ითვლის ის იმარჯვებს, ხოლო პრესის თავისუფლება ფეიკებისა და  ბილწსიტყვაობის თავისუფლებაზეა დაყვანილი.
 
სწორედ ის, რომ დღემდე ვერ მოხერხდა საბჭოური სტრუქტურების დემონტაჟი, გახლავთ  ჩვენი ერთ წრეზე ტრიალის მიზეზი. ამ პირობებში საქართველოს პოლიტიკური ძალების დაყოფა პროდასავლურებად და პრორუსებად აბსოლუტურად პირობითია. ამ 30 წლის მანძილზე ერთხელ მაინც რომ მოსულიყო პროდასავლური ორიენტაციის ხელისუფლება, ჩვენ უკვე გვექნებოდა დამოუკიდებელი სასამართლო, დანაწილებული ხელისუფლება და ადგილობრივი თვითმმართველობა. სინამდვილეში კი, უიარაღოს პერიფრაზი რომ მოვახდინოთ,  არც ერთი მხარეა პროდასავლური და არც მეორე პრორუსი, ორივენი ბედკრული საქართველოს პოლიტიკური ძალები არიან, რომლებიც უცხოელ პარტნიორებისაგან გამორჩენას ელიან მხოლოდ. ეს არის და ეს. 
 
უბედურება ის არის, რომ საქართველოში მოქმედ და ახლა შექმნის პროცესში მყოფ პოლიტიკურ ძალთაგან არც არავინ აპირებს საბჭოური სისტემის დემონტაჟს და დემოკრატიული პოლიტიკური ინსტიტუტების დამკვიდრებას, ყოველ შემთხვევაში მათ პროგრამულ დოკუმენტებსა და საჯარო განცხადებებში მსგავსი არაფერი იკითხება. ძალაუფლების დანაწილება არავის სურს. პრინციპი: “გამარჯვებული იღებს აბსოლუტურ ძალაუფლებას“, ყველას მოსწონს (მათ შორის ბარიერგადაულახავ პარტიასაც). ასეთი პრინციპებით კი ფონს ვერ გავალთ. 
 
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ კურსს, აქ მცირეოდენი კორექტივების შეტანა მოგვიწევს. ძირითადი ვექტორი ისევ დასავლეთისაკენ უნდა იყოს მიმართული, ოღონდ ის არ უნდა იყოს ერთადერთი. აღმოსავლეთ ევროპის მსგავსად უფრო ინტენსიური უნდა გავხადოთ ურთიერთობა ჩინეთთან.
 
სამხრეთის მიმართულებით (თურქეთი, ირანი) უმჯობესია ჩვენი პოლიტიკა უფრო დამოუკიდებელი და თამამი გახდეს.
 
რაც შეეხება რუსეთს, სანამ მას ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისაგან თავი უნდა შევიკავოთ. არ არის გამორიცხული ვითარება ისე შეიცვალოს, რომ ჩვენს შემოსარიგებლად მოსკოვმა შემოგვთავაზოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნება იგივე პირობებით, როგორც უკრაინას სთავაზობს დონბასის დაბრუნებას. ანუ მათი მეშვეობით მოინდომოს მთელს საქართველოზე  კონტროლის დამყარება. ასეთ შემოთავაზებაზე გადაწყვეტილებისას ასჯერ უნდა გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ. მაინც მგონია, რომ ალბათ თავი უნდა შევიკავოთ.
 
მოკლედ, საქართველოს მიზანი უცვლელია: ქვეყნის ვესტერნიზაცია, რომელსაც ექნება მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა, სადაც უპირატესობა ექნება დასავლეთისკენ მიმართულ ვექტორს.

გურამ სანადირაძე
 




მსგავსი სიახლეები