6-05-2021, 15:21
139

თეა წულუკიანი ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო სპეციალისტებს ეძებს

თეა წულუკიანი ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო სპეციალისტებს ეძებს

"ოსტატთა რეესტრის შექმნის აუცილებლობა ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა" - თეა წულუკიანი.


კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრატორ-კონსერვატორ ოსტატთა რეესტრი შეიქმნება.დღეს გამართულ ბრიფინგზე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სათანადო ხარისხით დაცვის მიზნით, დაგეგმილია მიმდინარე წელს ოსტატთა რეესტრის შექმნა, ხოლო 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავება.
 
მისივე თქმით, დღეიდან 15 ივნისამდე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიიღებს შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს: ქვითხურო (ქვისმთლელი მწყობელი; ჩუქურთმის მჭრელი; დეკორატორი); ხითხურო;  ყოველი სადურგლო სამუშაოს შემსრულებელი;  კირითხურო (მლესავი; ყორემწყობელი; მძერწავი); სახურავთა ოსტატი (კრამიტ-ლორფინის ოსტატები; მეთუნუქე ოსტატები); მჭედელ-ზეინკალი; მეავეჯე; ხარატი; დეკორატორი.
 
განაცხადების მიღების შემდეგ, კანდიდატები წარდგებიან სპეციალური კომისიის წინაშე, რომელიც პროფესიონალი არქიტექტორ-რესტავრატორებითა და დარგის სხვა შესაბამისი სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული. გასაუბრების შედეგად, კომისია ან გასცემს რეკომენდაციას კულტურის სამინისტროს სისტემაში დასაქმების შესახებ, ან მიუთითებს დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს (თეორიულ-პრაქტიკული წვრთნები) უზრუნველყოფს კულტურის სამინისტრო.
  
საბოლოო ჯამში, რეესტრში აღრიცხული ოსტატები მიიღებენ დამატებით პრაქტიკულ გამოცდილებას და ერთწლიანი პერიოდის წარმატებით დასრულების შემთხვევაში - სერტიფიკატს. გათვალისწინებულია, რომ 2022 წლის 1 მაისიდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთაც ექნებათ სერტიფიკატით დადასტურებული პროფესიული უნარები.
 
 
"ოსტატთა რეესტრის შექმნის აუცილებლობა ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. კერძოდ, როგორც ახალშექმნილი სამინისტროს მიერ ამ სფეროს შესწავლამ ცხადჰყო, ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული. ამის სამწუხარო მაგალითია გელათის სამონასტრო კომპლექსიც, რომლის გადახურვის პროექტი 2008 წელს შედგა და, მას შემდეგ, ხარვეზებით წარმოებულმა სამუშაოებმა ძეგლის დაზიანება გამოიწვია" - განაცხადა თეა წულუკიანმა.


მსგავსი სიახლეები