24-09-2021, 12:05
164

„მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა“ - აკრძალული წიგნების კვირეული საქართველოში

„მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა“ - აკრძალული წიგნების კვირეული საქართველოში

28 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით, გამომცემლობა „ინტელექტი“ და გამომცემლობა „არტანუჯი“ გიწვევთ „ლიტერატურის მუზეუმში“ წიგნების ორიგინალურ ექსპოზიციაზე - „მოუთვინიერებელი წიგნების გამოფენა - აკრძალული წიგნების კვირეული საქართველოში“.

გახსნის ღონისძიების ფარგლებში გამოფენაზე წარმოდგენილი აკრძალული წიგნების შესახებ ისაუბრებენ ლევან ბერძენიშვილი, ანი კოპალიანი, ლაშა ბაქრაძე, პაატა შამუგია, ზაალ ჩხეიძე, შორენა ლებანიძე. ექსპოზიცია მოიცავს სხვადასხვა დროს ქართულ თუ უცხოურ ენაზე გამოცემულ აკრძალულ წიგნებსა და მათი აკრძალვის ისტორიებს, ასევე აღნიშნული წიგნების თემაზე საგანგებოდ შექმნილი პოსტერების გამოფენას. ღონისძიების პარტნიორია „ლიტერატურის მუზეუმი“.
„აკრძალული წიგნების კვირეული“ საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც ერთგვარი შეხსენებაა ყველასთვის, რაოდენ მნიშვნელოვანია ავიმაღლოთ ხმა ცენზურის წინააღმდეგ. ღონისძიების ორგანიზატორია ამერიკის ბიბლიოთეკართა ასოციაციის ინტელექტუალური თავისუფლების ოფისი და „აკრძალული წიგნების კვირეულის“ კოალიცია. წლევანდელი კვირეულის მთავარი სლოგანია: ცენზურა გვყოფს - წიგნები გვაერთიანებს!
„აკრძალული წიგნების კვირეული“ ყოველწლიური, საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელიც მხარს უჭერს კითხვის თავისუფლებას. კვირეული 1982 წელს, აშშ-ში დაფუძნდა, რაც განაპირობა სკოლებში, წიგნის მაღაზიებსა და ბიბლიოთეკებში გასაჩივრებული წიგნების რაოდენობის მოულოდნელმა ზრდამ. კვირეული ტრადიციულად სექტემბრის ბოლო კვირას იმართება და ხაზს უსვამს ინფორმაციაზე თავისუფალი, შეუზღუდავი წვდომის მნიშვნელობას. „აკრძალული წიგნების კვირეულის“ გარშემო ერთიანდება წიგნთან დაკავშირებული ყველა პროფესიის ადამიანი: ბიბლიოთეკარები, წიგნის გამავრცელებლები, გამომცემლები, ჟურნალისტები, მასწავლებლები და მკითხველები. ისინი ერთად უჭერენ მხარს აზრების ძიებისა და გამოხატვის თავისუფლებას.
გამოფენას შეგიძლიათ ეწვიოთ „ლიტერატურის მუზეუმში“ 2 ოქტომბრის ჩათვლით 11:00-დან 17:00 საათამდე. 





მსგავსი სიახლეები