22-03-2021, 11:36
226

„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ორი პირი დააკავეს

„ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის ორი პირი დააკავეს

ბრალდებული ხ.პ. სხვადასხვა პირის დაშინების გზით ცდილობდა პირადი და "ქურდული სამყაროსათვის" მატერიალური სარგებლის მიღებას. 


"ქურდული სამყაროს" წევრობასა და გამოძალვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

1968 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ხ.პ.-სა და 1972 წელს დაბადებულ ე.ა.-ს "ქურდული სამყაროს" წევრობა და გამოძალვა ედებათ ბრალად.
დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ხ.პ. და ე.ა. "ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. ბრალდებული ხ.პ. სხვადასხვა პირის დაშინების გზით ცდილობდა პირადი და "ქურდული სამყაროსათვის" მატერიალური სარგებლის მიღებას. იგი საზღვარგარეთ მცხოვრები ერთ-ერთი კრიმინალური ავტორიტეტის დავალებით, თავისი ნდობით აღჭურვილი პირის, მეორე ბრალდებულის - ე.ა.-ს შუამავლობით, სისტემატურად უკავშირდებოდა თანასოფლელს და ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის, ასევე, ჯანმრთელობის დაზიანების მუქარით, „ქურდული სამყაროს“ სასარგებლოდ თანხას სძალავდა.

პოლიციამ ორივე ბრალდებული მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დააკავა.
"ქურდული სამყაროს" წევრობისა და გამოძალვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლით და 181-ე მუხლით მიმდინარეობს.
 
 




მსგავსი სიახლეები