7-05-2021, 10:27
679

თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს - გამოვლინდა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები

თბილისში 5 აფთიაქის ხელმძღვანელი დააკავეს - გამოვლინდა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აფთიაქებიდან ამოიღეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი


ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ფაქტები გამოავლინა.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულია ხუთი აფთიაქის ხელმძღვანელი, საიდანაც ფსიქოტროპული მედიკამენტების რეალიზაცია რეცეპტის გარეშე ხებოდა.

"თბილისის მასშტაბით გამოვლენილ იქნა 5 აფთიაქი, საიდანაც უნებართვოდ და სანებართვო პირობების დარღვევით, სისტემატურად, რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია.

5 მაისს, შესაბამისი განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნა ხუთივე აფთიაქის ხელმძღვანელი პირი, რომელთაც ბრალად ედებათ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება,"- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადების თანახმად, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აფთიაქებიდან ამოიღეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული მედიკამენტი.

უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აგრძელებს აქტიურ მოქმედებებს ე.წ. „სააფთიაქო ნარკომანიის“ ფაქტების გამოვლენა-აღკვეთის მიზნით.