3-05-2021, 10:12
99

თავი ჩამოიხრჩო თუ მოკლეს გალში აფხაზი მასწავლებელი ?

თავი ჩამოიხრჩო თუ მოკლეს გალში აფხაზი მასწავლებელი ?

გალის რაიონის სოფელ ფიჩორში, მასწავლებელი გარდაცვლილი იპოვეს.

ახალგაზრდული გაერთიანება “ჩვენ ვარსებობთ - ხმა აფხაზეთიდან“ ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი 25 წლისაა და სკოლაში აფხაზური ენის მასწავლებლად მუშაობდა.

მათივე ინფორმაციით, მასწავლებელი ოჩამჩირიდანაა, ფიჩორში კი ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში ცხოვრობდა, სადაც გარდაცვლილი ნახეს.

ადგილობრივები ფიქრობენ, რომ მასწავლებელმა თავი მოიკლა, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია.

თვითმხილველები მკვლელობის ვერსიასაც არ გამორიცხავენ.

ცხედარი, 2 მაისს იპოვეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ადგილობრივი პოლიცია.

მასწავლებლები და მოსწავლეები, გარდაცვლილს, დადებით პიროვნებას ახასიათებენ, ამბობენ რომ მას ქართველები ძალიან უყვარდა.

თვითმხილველები ყვებიან: ერთი წელი ფიჩორის სკოლის დირექტორთან ცხოვრობდა, შესაბამისად, ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. შაბათს სახლში უნდა ყოფილიყო წესით, თუმცა რომ არ მივიდა, დედამ დირექტორთან დარეკა. სწორედ მან იპოვა თოკზე დაკიდებული ცხედარი, რომელიც სავარაუდოდ, პარასკევს (30 აპრილს), უკვე გარდაცვლილი იყო, რადგან სხეულს ხრწნა უკვე დაწყებული ჰქონდა.

„ხალხს არ სჯერა თვითმკვლელობის, რადგან გვამი უცნაურ მდგომარეობაში იპოვეს - ყავის ჭიქა ეჭირა ხელში, სკამი კი საეჭვოდ შორს იდგა, თოკად სარეცხის გასაფენი იყო გამოყენებული“, - ამბობენ თვითმხილველები.