22-04-2021, 00:28
267

თბილისში ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ

თბილისში ლესბოსელ წყვილს თავს დაესხნენ

მოძალადე იგინებოდა და იყენებდა სხვა დამამცირებელ გამონათქვამებს: “წადით აქედან ლეზბიანკებო!”, “წაეთრიეთ ამ სახლიდან, აქ თქვენი ადგილი არ არის!”, “აქ თქვენ მანქანას ვეღარ გააჩერებთ!” და ა.შ.


20 აპრილს, თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, ლესბოსელ წყვილს, მცირეწლოვანი ბავშვის თანდასწრებით, მეზობელი კაცი ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხა. ინფორმაციას „თბილისი პრაიდი“ ავრცელებს.
მათივე თქმით, „20 აპრილის საღამოს წყვილი სახლში მანქანით დაბრუნდა, როდესაც ეზოში მყოფმა მათ სადარბაზოშივე მცხოვრებმა, დაახლოებით 35 წლის, სავარაუდოდ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა კაცმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო. მოძალადე იგინებოდა და იყენებდა სხვა დამამცირებელ გამონათქვამებს: “წადით აქედან ლეზბიანკებო!”, “წაეთრიეთ ამ სახლიდან, აქ თქვენი ადგილი არ არის!”, “აქ თქვენ მანქანას ვეღარ გააჩერებთ!” და ა.შ.
გოგონებმა ბავშვი უსაფრთხოების მიზნით მანქანაში დატოვეს, თავად კი გადმოვიდნენ ავტომობილიდან. ამის შემდეგ მოძალადე ერთ-ერთს მიუახლოვდა, შეაფურთხა და განაგრძო ჰომოფობიური შეურაცხყოფა. ყვირილზე შეგროვდნენ სხვა მეზობლებმაც, თუმცა არც ერთ მათგანს მსხვერპლებისთვის დახმარება არ აღმოუჩენია.
მოგვიანებით მოძალადემ ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა, გაშალა და წყვილს ემუქრებოდა. ერთ-ერთმა მსხვერპლმა მოახერხა პოლიციის გამოძახება და აღნიშნული ინციდენტის ტელეფონით გადაღება. იმის მიუხედავად, რომ მოძალადეს ვიდეოს განადგურების მცდელობა ჰქონდა, წყვილმა მოახერხა მტკიცებულების აღდგენა.
მოგვიანებით მოძალადემ პოლიციის თანდასწრებით კიდევ ერთხელ შეაფურთხა ერთ-ერთ დაზარალებულს, ესროლა მას სიგარეტის ნამწვი და განაგრძობდა შეურაცხყოფას. პოლიციელებმა სცადეს მოძალადის დაკავება, თუმცა პირველ ცდაზე ეს შეუძლებელი აღმოჩნდა და დამატებით ორი ეკიპაჟის გამოძახება გახდა საჭირო.
სამართალდამცველებმა შეადგინეს სამართალდარღვევის ოქმი წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლის საფუძვლით (წვრილმანი ხულიგნობა), ხოლო გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლით (იძულება), 151-ე მუხლით (მუქარა) და 284-ე მუხლით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა).
მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს:
- საქმე გამოიძიოს ადეკვატურად, დროულად და ეფექტურად;
- გამოკვეთოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ნიშნები;
- საქმის გამოძიება წარმართოს შესაბამისი ცოდნისა და მგრძნობელობის მქონე პირებმა, რათა თავიდან არიდებულ იქნას მსხვერპლთა, მათ შორის არასრულწლოვნის მეორადი ვიქტიმიზაცია;
- უზრუნველყოს მსხვერპლთა ფიზიკური უსაფრთხოება.
მოვუწოდებთ შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტს:
განახორციელოს ეფექტური ზედამხედველობა გამოძიების პროცესზე და უზრუნველყოს ჰომოფობიური სიძულვილის დანაშაულის ნიშნების გამოკვეთა“, - ნათქვამია „თბილისი პრაიდის“ განცხადებაში.