27-07-2021, 10:42
145

დაკავებულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო 2 ძებნილი

დაკავებულია  ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო 2 ძებნილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, ასევე, ე.წ. ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის ბრალდებით ორი ადამიანი - 1987 წელს დაბადებული ი.გ. და 1992 წელს დაბადეული თ.ჭ. დააკავეს. ისინი 11 ივლისიდან იძებნებოდნენ.


"გამოძიებით დადგინდა, რომ ორივე ბრალდებული აღიარებდა "ქურდულ სამყაროს" და აქტიური კავშირი ჰქონდა "ქურდული სამყაროს" სხვა წევრებთან.
 თ.ჭ. ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად მონაწილეობდა ე.წ. ქურდულ გარჩევებში. ი.გ. საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა, რაც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას გულისხმობს, ხოლო თ.ჭ. სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 223-ე პრიმა-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იყო ძებნილი, რაც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობასა და ე.წ. ქურდულ შეკრებაში მონაწილეობას გულისხმობს.

"ორივე მათგანს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულები ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში არიან მოთავსებული. ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პასუხისგებაში მიეცა "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 31 პირი - მათ შორის 25 სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 8 ივლისს დააკავეს, 4 პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წარედგინა ბრალი, ხოლო 2 პირი - ი.გ. და თ.ჭ. ამავე საქმეზე, სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იძებნებოდნენ". - წერია შსს-ს განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები