22-04-2021, 18:30
275

თბილისის საკრებულოში პროფესიული განათლების განვითარებაში მუნიციპალიტეტის როლზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოში პროფესიული განათლების განვითარებაში მუნიციპალიტეტის როლზე იმსჯელეს

თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც პროფესიული განათლების განვითარების საკითხებში მუნიციპალიტეტის როლი განიხილეს
თბილისის საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა, რომელზეც პროფესიული განათლების განვითარების საკითხებში მუნიციპალიტეტის როლი განიხილეს. სხდომაზე პროფესიული განათლების ხელშეწყობისა და შრომის ბაზრის კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებათა ძალისხმევის კონსოლიდირების გზები განიხილეს. ყურადღება  პროფესიული განათლების მიმდინარე რეფორმასა და მასში მუნიციპალიტეტების ჩართულობის მნიშვნელობაზე გამახვილდა. განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა პროფესიული განათლების სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და ამ თემის პოპულარიზაციის მნიშვნელობას ხაზი გაუსვა.

„ჩვენი მიზანია უფრო მეტად მივიტანოთ ჩვენს მოსახლეობამდე პროფესიული განათლების ის პროგრამები, რომელსაც მერია 2018 წლიდან აქტიურად ახორციელებს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობის მნიშვნელობა პროფესიული განათლების პოპულარიზაციაში. პროფესიული განათლება არის ქვეყანაში სიღარიბის დაძლევისა და ეკონომიკური წინსვლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი“- განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, რომ პროფესიული განათლების კუთხით ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. „თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს საქართველოში და თბილისში ძალიან მაღალი დონის პროფესიული სასწავლებლები არსებობს. დასაქმების მიმართულებითაც კერძო სექტორის მხრიდან ჩართულობა საკმაოდ წარმატებულია. ამ შეხვედრის მთავარი მიზანია, რომ იმ უწყებებმა, რომლებიც პროცესში ვართ ჩართულები, კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ თანამშრომლობა,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

შეხვედრაზე განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა და პარლამენტის განათლების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ამილახვარმა პროფესიული განათლების სტრატეგიის ფარგლებში გატარებული რეფორმის შედეგებზე და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის უფროსმა, ირაკლი გვილავამ,  მუნიციპალური პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“ შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოადგინა. მან აღნიშნა, რომ პროგრამა 2018 წლიდან ამოქმედდა და მისი დასაქმების ეფექტიანობა 70%-ს აჭარბებს.

შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ თამარ სამხარაძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი (მოვალეობის შემსრულებელი); ნანი დალაქიშვილი - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები, თბილისის მუნიციპალიტეტის პროექტის „ისწავლე და დასაქმდი“ პარტნიორი პროფესიული კოლეჯების - „მერმისი“, „იკაროსი“, „სპექტრი“ და „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ - დირექტორები, პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები და პარტნიორი ბიზნესმენები. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, რომელზეც სამომავლო თანამშრომლობის ფორმასა და ღონისძიებებზე შეთანხმდნენ.




მსგავსი სიახლეები