10-06-2021, 20:23
47

საფრანგეთი საქართველოს დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, 483 მილიონ ევროს გამოუყოფს

საფრანგეთი საქართველოს დამატებითი ფინანსური დახმარების სახით, 483 მილიონ ევროს გამოუყოფს

თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყება ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია


"დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს, რომლითაც საქართველოს მიეცემა დამატებითი ფინანსური დახმარების სახით 483 მილიონი ევრო. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. 

როგორც პრემიერმა განაცხადა, ამ თანხიდან 33 მილიონი ევრო გრანტია, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობას.

"ჩვენ გვაქვს ბრწყინვალე თანამშრომლობა საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან. მას შემდეგ, რაც სააგენტომ 2017 წელს, საქართველოში რეგიონული ოფისი გახსნა. ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდა და გაფართოვდა. სააგენტოს პორტფელი ამჟამად შეადგენს დაახლოებით 480 მილიონ ევროს და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განმარტებით, თანამშრომლობის ფარგლებში დაიწყება ისეთი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"ეს მიმართულებებია ენერგეტიკა, კერძო სექტორის განვითარება, ჯანდაცვა, გარემოს დაცვა, სოფლის მეურნეობა და ირიგაცია. ასევე წყალმომარაგება, რეგიონული განვითარება და სხვა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, 2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით საქართველოსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა. შეთანხმების მიხედვით, შემდგომი 2 წლის განმავლობაში საქართველომ საფრანგეთისგან დახმარების სახით უნდა მიიღოს 483 მილიონი ევროს დაფინანსება. აქედან 33 მილიონ ევროზე მეტი გრანტის სახით. აღნიშნული შეთანხმების გაფორმების შემდეგ პრაქტიკულად ორმაგდება თანამშრომლობის აქამდე არსებული მასშტაბი.

შეთანხმების მიზანია, 2021-2023 წლებში სააგენტოსთან თანამშრომლობის საორიენტაციო სფეროებისა და შესაბამისი პროგრამების განსაზღვრა. წარმოდგენილი შეთანხმების გაფორმება ერთგვარი დემონსტრირებაა იმ წარმატებული თანამშრომლობისა, რაც ამ ეტაპისთვის საქართველოს აქვს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან.

შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და საფრანგეთს შორის თანამშრომლობა მოიცავს ისეთ პრიორიტეტულ სფეროებს, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვა, კერძო სექტორის განვითარება, მმართველობა, რეგიონული განვითარება, სოციალური კეთილდღეობა და ჯანდაცვა.

2021-2023 წლების თანამშრომლობის პროგრამა, ასევე, მოიცავს პროგრამებსა და პროექტებს ენერგეტიკის, წყალმომარაგების, სანიტარული სექტორის, წყლის რესურსების მართვისა და ირიგაციის მიმართულებებით.

შეთანხმებას ხელი ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) რეგიონულმა დირექტორმა სესილი კუპრიმ მოაწერეს.