26-04-2021, 14:59
74

მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია ონლაინ ფორუმ ‘’Routes Reconnected”-ზე შეიკრიბება

მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია ონლაინ ფორუმ ‘’Routes Reconnected”-ზე შეიკრიბება

ყოველწლიური ავია ფორუმი შარშან მსოფლიო ლოქდაუნის გამო არ გამართულა. წელს კი ფორუმი ონლაინ რეჟიმში იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებს ევროპის 106 აეროპორტი და 116 ავიაკომპანია.


26-29 აპრილს ‘’ROUTES Reconnected“ ონლაინ ავია მიმართულებების  განვითარების ფორუმი გაიმართება. ფორუმზე  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური ავია ფორუმი შარშან მსოფლიო ლოქდაუნის გამო არ გამართულა. წელს კი ფორუმი ონლაინ რეჟიმში იმართება, რომელშიც მონაწილეობას იღებს ევროპის 106 აეროპორტი და 116 ავიაკომპანია.

ფორუმის ორგანიზატორების განცხადებით, პანდემიის შემდეგ, ეს არის პირველი მცდელობა, რომ მსოფლიო საავიაციო ინდუსტრია კვლავ შეიკრიბოს და არსებულ გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე იმსჯელოს. საუბარი შეეხება პანდემიის ფონზე აეროპორტების, ავია კომპანიებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების  საქმიანობის წარმოებისა და საჰაერო ტრანსპორტირების ქსელების გაუმჯობესების ხელშეწყობას.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების საავიაციო ბიზნესგანვითარების მენეჯერის ვაკო ჭილაშვილის განცხადებით, მსოფლიო პანდემიის ფონზე კიდევ უფრო აქტუალური გახდა საავიაციო სფეროს წარმომადგენლებისთვის მსგავს პლატფორმებში მონაწილეობის მიღება.

,,ფორუმზე ჩვენს პარტნიორ ავია კომპანიებთან და აეროპორტებთან მიმოვიხილავთ საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას, ასევე მივაწოდებთ ინფორმაციას უკვე აღდგენილ მიმართულებებთან დაკავშირებით და ვისაუბრებთ სამომავლო პერსპექტივებსა და გეგმებზე. პანდემიის ფონზე ფაქტობრივად, მსოფლიო საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლები პირველად ვიკრიბებით და  2021 წელს ავიაციის აღდგენისა და სამომავლო გეგმებზე ვიმსჯელებთ,-‘’განაცხადა ვაკო ჭილაშვილმა.

პანდემიის ფონზე მიმდინარე ოთხდღიან ავია ფორუმზე აეროპორტებსა და ავიაკომპანიებს შორის,  ონლაინ შეხვედრები და სხვადასხვა ტიპის პანელები გაიმართება. რათა საფუძველი ჩაეყაროს ახალ ავია მიმართულებებს. ასევე, განხილული იქნება საჰაერო ტრანსპორტის სფეროში არსებული გამოწვევები, რომელიც პანდემიამ მოიტანა.