26-04-2021, 11:47
112

ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებამ იკლო

ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებამ იკლო

2021 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 0,723 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 5,3% (40,3 მილიონი კვტ*სთ-ით) ნაკლებია 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით.


ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარებამ იკლო. სს „თელასის“ მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ელექტროენერგიის მოხმარების კლება, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ეკონომიკის მრავალ სფეროში საქმიანობის შეზღუდვამ განაპირობა.

2021 წლის პირველ კვარტალში კომპანია „თელასმა“ 0,723 მილიარდი კვტ*სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 5,3% (40,3 მილიონი კვტ*სთ-ით) ნაკლებია 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით.

2021 წლის იანვარ-მარტში 2020 წლის იანვარ-მარტთან შედარებით 9,7%-ით (71,6 მილიონი კვტ*სთ-ით) შემცირდა მომხმარებელზე დარიცხული ელექტროენერგიის მოცულობა და 0,670 მილიარდი კვტ-სთ-ი შეადგინა. ამ მაჩვენებლის შემცირებაც ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვამ განაპირობა.

სს „თელასის“ აბონენტთა რაოდენობა 2021 წლის სამი თვის მონაცემებით 2020 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 3,1%-ით (20,9 ათასი აბონენტით) გაიზარდა და 686,3 ათასი აბონენტი შეადგინა, საიდანაც 618,5 ათასი - ფიზიკური პირია, ხოლო 67,8 ათასი – იურიდიული პირი. აბონენტთა რაოდენობა ქსელის განვითარების და ახალი აბონენტების მიერთების შედეგად გაიზარდა.

2021 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძემ 6 156 კმ შეადგინა, რაც 3,9%-ით (238 კმ-ით) აღემატება 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებელს (5 918 კმ). კომპანიის ელექტროგადამცემი ხაზების საერთო სიგრძე ქსელის განვითარების, რეკონსტრუქციის და მოდერნიზების სამუშაოების ჩატარების შედეგად გაიზარდა.