23-07-2021, 11:32
66

2030 წლისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 97%, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი გზების 93% მოწესრიგებული იქნება

2030 წლისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 97%, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი გზების 93% მოწესრიგებული იქნება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გამართა.
სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა საქართველოს რეგიონების ინფრასტრუქტურული განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებისათვის მომდევნო 10 წლის განმავლობაში 31 მილიარდ ლარზე მეტის ინვესტირებას მოახდენს.
„2030 წლისთვის დასრულებული იქნება ყველა მაგისტრალური გზის მშენებლობა; წითელი ხიდიდან სარფამდე მგზავრობის დრო განახევრდება და ნაცვლად 8 საათისა 4 – 4.5 საათი იქნება; 2025 წლისთვის ყველა ქალაქში იქნება 24 საათიანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება; 2030 წლისთვის მთელი ქვეყნის მოსახლეობას ექნება სრული ხელმისაწვდომობა სტანდარტების შესაბამის წყალმომარაგებაზე; 2025 წლისთვის აშენებული იქნება მყარი ნარჩენების მართვის ოთხი რეგიონული თანამედროვე ცენტრი, ხოლო 2030 წლისთვის 6-ვე რეგიონული ცენტრი იქნება დასრულებული, რომელის ეტაპობრივად ჩაანაცვლებს 54 ძველ მუნიციპალურ ნაგავსაყრელს; სოციალურად და ეკონომიკურად განვითარდება რეგიონები; გაძლიერდება მუნიციპალიტეტები და გაიზრდება მათი შესაძლებლობები; არაიგვიანეს 2025 წლის ბოლოსთვის თვითმმართველობების შემოსულობები მშპ-ის არანაკლებ 7% იქნება“, – აცხადებენ უწყებაში.

2030 წლისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 97%, ხოლო შიდასახელმწიფოებრივი გზების 93% მოწესრიგებული იქნება.
ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები რიკოთის გზის პროექტზე. ამჟამად ერთდროულად შენდება 96 ხიდიდან 71 ხიდი, 53 გვირაბიდან კი – 47 გვირაბი, საიდანაც 8 გვირაბი უკვე გაჭრილია.
უკვე სექტემბერში გაიხსნება ახალი გზის 2.5 კმ-იან მონაკვეთს, რომელიც 6 ხიდისა და 4 გვირაბისაგან შედგება, ხოლო სრულად რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობა ეტაპობრივად, 2021-2024 წლებში დასრულდება. შესაბამისად, ამ დროისათვის თბილისიდან ბათუმში მგზავრობას უკვე 3 – 3.5 საათი დასჭირდება.

წყალმომარაგების სისტემების განვითარებას, მომდევნო 10 წელიწადში 9 მილიარდი ლარი მოხმარდება. გაგრძელდება ძველი მუნიციპალური ნაგავსაყრელების დახურვა. 54 მუნიციპალური ნაგავსაყრელიდან უკვე დახურულია 24 ნაგავსაყრელი, 30-ს ჩაუტარდა რეაბილიტაცია.

„2025 წლისთვის დასრულდება ოთხი ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა ქუთაისში, ქვემო ქართლში, კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში. 2030 წლისთვის კი, დახურული იქნება ყველა ძველი ნაგავსაყრელი და აშენებული იქნება სულ, ექვსი ახალი რეგიონული ცენტრი. ამ მიმართულების დაფინანსება ზუსტად 5-ჯერ არის გაზრდილი და მომდევნო 10 წლის განმავლობაში, 613 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდება.

გაგრძელდება კრიტიკული და საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარებაა რეგიონებში. 2019 წლიდან დღემდე, მხოლოდ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, დაასრულა 41 სკოლის მშენებლობა 10000-მდე ბავშვისთვის. 2022 წლისთვის, სულ 65 ახალი სკოლა იქნება აშენებული. დაიწყო და გაგრძელდება 100-ზე მეტი სკოლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, რასაც მალე დაემატება კიდევ 60 სკოლის რეაბილიტაცია. შენდება 31 საბავშვო ბაღი, საიდანაც 29 ბაღის მშენებლობა უკვე დასრულდა. წელს დაიწყო ოთხი დიდ ქალაქში – ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ახალციხეში – თანამედროვე სპორტკომპლექსების მშენებლობა და ეს პროცესი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდება.

შემუშავებულია საპილოტე პროგრამა ოთხი რეგიონისათვის (გურია, რაჭა-ლეჩხუმი, იმერეთი, კახეთი). თუმცა, უკვე დაწყებულია მუშაობა დოკუმენტზე, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს. დაწყებულია სმარტ-სპეციალიზაციის პროექტის პროგრამა იმერეთის რეგიონში და მის საფუძლეზეც დადგინდება რეგიონის ის შედარებითი და აბსოლუტური უპირატესობები, რომელთა განვითარება და გამოყენება იქნება რეგიონისათვის ყველაზე დიდი სარგებლის მომტანი“, – აცხადებენ სამინისტროში.




მსგავსი სიახლეები